ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშაში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში მოისმინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფო წელსაც მასშტაბურ ღონისძიებებს განახორციელებს, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

„წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს. შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან გვქონდა 150-მდე ერთეული ტექნიკა; წელს დონორების დახმარებით, მათი რაოდენობა 250-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საკმარისი გამოცდილებაც დაგვიგროვდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს განსაკუთრებული გამოწვევა თხილის კულტურის გადარჩენა იყო. ფაროსანას გარდა აღნიშნულ კულტურაში სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც არის ჩასატარებელი.

„იმისთვის, რომ ჩვენ თხილის ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებების გეგმა გვაქვს. მეთხილე ფერმერებს დავეხმარებით, როგორც შეწამვლის აპარატებით, ისე სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია წლევანდელ წელს მავნებელთან ბრძოლის კუთხით გარდამტეხი უწოდა.

„წლევანდელი წელი ნამდვილად იქნება გარდამტეხი, რადგან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლამ მიიღო უპრეცედენტო მასშტაბი. ეს გამოიხატება როგორც სპეციალისტების, ისე ტექნიკის მობილიზებაში. თხილის ხელშეწყობის ნაწილში აქტიური ღონისძიებები ხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. თავისთავად ცხადია, ეს პროცესები უნდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მავნებლის იდენტიფიცირების მიზნით მონიტორინგს ახორციელებენ. შეწამვლითი სამუშაოები, მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა