თინა ბოკუჩავა - შესაძლოა, მართლა მივიდეთ იქამდე, რომ დეპუტატებმა დავდოთ 100-100 ლარი, რათა ნორმალური სმენადობა იყოს დარბაზში

კობახიძის და მისი გუნდის პირობებში, შესაძლოა, მართლა მივიდეთ იქამდე, რომ დეპუტატებმა დავდოთ 100-100 ლარი იმისთვის, რათა ნორმალური სმენადობა იყოს დარბაზში და შეგვეძლოს ელემენტარული დისკუსიის მოსმენა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სასესიო დარბაზში აკუსტიკის პრობლემის თაობაზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის კომპეტენტურობის საკითხი მაინც ვერ მოგვარდება და მათ მომავალშიც სავარაუდოდ, ხან ღილაკები, ხან კი კანონპროექტები აერევათ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმრავლესობას საკუთარი კანონპროექტი კენჭისყრაზე უვარდება. ხან ღილაკების ფერების არევას აბრალებენ, ხან დარბაზში აკუსტიკას. ჩემი აზრით, ძალიან სირცხვილია, როდესაც უმრავლესობის მქონე პოლიტიკურ გუნდს თავისი ინიციატივები ასეთი დაუდევრობის ფონზე ვერ გააქვს. ჩემი აზრით, ეს ძალიან ნათელი გზავნილი უნდა იყოს ივანიშვილისთვის, რომ დროულად უნდა გამოცვალოს საკუთარი გუნდი. ალბათ, აქვს ამის მცდელობა, როდესაც ისეთ პერსონაჟებს აცოცხლებს, როგორიც არის ირაკლი ღარიბაშვილი და რომელიც რა თქმა უნდა ვერ უშველის.

დიახ, დარბაზში სმენადობა აშკარად ძალიან ცუდია. სანამ სასესიო სხდომებს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანდნენ, მანამდე უნდა მოეგვარებინათ აკუსტიკის პრობლემა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა