დიმიტრი ლორთქიფანიძე -  თათია ლორთქიფანიძე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატიდან  ჩუმად მოხსნეს - ფაქტობრივად, სპორტული კარიერა დაასრულებინეს და ჩაიდინეს მორალური მკვლელობა

ქალთა რიცხვში საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე სტატუსში აღდგენას და ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილობის მიღებას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თათია ლორთქიფანიძის მამამ, ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატმა დღეს სტარტი აიღო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო, გუნდის კაპიტანს, ძალოსან, თათია ლორთქიფანიძს, თუმცა ის შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მათ ოჯახს შეგნებულად მოუწყვეს იმ მიზეზით, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ. ამასთან, ლორთქიფანიძემ ძალოსნობის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანჯაღავასა და თათია ლორთქიფანიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

„თემურ ჯანჯაღავა არ არის ძალოსანი და შესაბამისად, უფლება არ აქვს ავარჯიშოს სპორტსმენი. მოვითხოვთ, თათიას სტატუსში აღდგენას, იმიტომ, რომ 10 აპრილს გამოსვლა აქვს ბათუმში და ვერიფიკაციიდან ჩუმად მოხსნეს.

ეს არის პოლიტიკური და ყველანაირი ნიშნით დისკრიმინაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ. ხელისუფლებამ ეს არ იცოდა. ეს არის ფედერაციაში შიგნით მოხარშული ამბავი, სადაც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერები: კახი კახიაშვილი, გია ასანიძე, თემურ ჯანჯღავა და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებმაც ჩვენ, რეალურად, შეთქმულება მოგვიწყვეს. ეს არის ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულება, იმ კუთხით, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან პრეტენზია ვიქონიოთ.

ახლა ბათუმში გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ჰყავს ქალი წარმომადგენელი, 25 წლის თათია ლორთქიფანიძე. ის საერთაშორისო სპორტის ოსტატი, საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. თათია ლორთქიფანიძე გადიოდა ინდივიდუალურ ვარჯიშს თავის მწვრთნელთან, გელა მახარაშვილთან ერთად. აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო ფედერაციასთან, იმიტომ, რომ თათია უარს ამბობდა თემურ ჯანჯღავასთან ვარჯიშზე. თემურ ჯანჯღავა იყო ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თათია მასთან ვარჯიშზე უარს ამბობდა ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ ის იყო არაკვალიფიციური და აყენებდა ტრავმებს და მეორე, ადანაშაულებდა მას შევიწროვებაში, აყენებდა შეურაცხყოფას და ეს ყველაფერი ფიქსირდებოდა ფედერაციის პრეზიდენტ კახა კახიაშვილთან, როგორც ახსნა-განმარტების, ისე ზეპირსტყვიერების სახით, რათა მას ამ საკითხზე რეაგირება ჰქონოდა.

ფედერაციაში ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის, ლაშა ტალახაძემ და მისმა მწვრთნელმა. ეს კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ ესენი თათია ლორთქიფანიძეს სიიდან საერთოდ ამოიღებდნენ. ფაქტობრივად, დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა და ჩაიდინეს მორალური მკვლელობა“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა