„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი -  იმ კონკრეტული გეგმით, რომლითაც ჩემს გუნდთან ერთად მოვდივარ, ყველაფერს შევძლებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს

ზუგდიდის მერობა არის ძალიან საპასუხისმგებლო, თუმცა იმ ხედვებით, იმ კონკრეტული გეგმით, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთად მოვდივარ, ყველაფერს შევძლებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ საარჩევნო კამპანიის გახსნის დროს განაცხადა.

მან „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევით ზუგდიდის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაზე ისაუბრა.

„თქვენ იცით, მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ თითოეული თქვენგანის ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში. მე მაქსიმალურად მოვარგებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თქვენს საჭიროებებს. ჩვენი ქალაქი თქვენთან ერთად და ჩვენი კონკრეტული გეგმის მიხედვით, უკეთეს რეალობაში იცხოვრებს. თქვენ კარგად იცით, რომ ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდება ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება თითოეულ პენსიონერზე, თითოეულ სოციალურად დაუცველზე, თითოეულ დევნილზე და ზოგადად ზუგდიდელზე ზრუნვა. რასაც თქვენთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გავართმევ თავს“, - განაცხადა შენგელიამ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების გვერდში დაყენება და ახალგაზრდული იდეებით, ახალგაზრდული შემართებით უკეთესი მუნიციპალიტეტის შენება.

„ჩვენ ახალგაზრდებისათვის ავაშენებთ ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც მათ საშუალება ექნებათ იდეები შემოგვთავაზონ და ეს იდეები უკეთესი მომავლისათვის განვახორციელოთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გვესმის, რომ ზუგდიდში არის საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა. მე გპირდებით, რომ ჩემი მერობის პერიოდში სრულად მოვაგვარებ აღნიშნულ პრობლემას და ზუგდიდში იქნება კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა. უკვე დაწყებულია 10 ახალი გზის მშენებლობა და 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მალე უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს.

ასევე კარგად იცით, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა. აღნიშნული მეგაპროექტი გახდება ძალიან ბევრი ზუგდიდელის დასაქმების ადგილი და ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს მუნიციპალიტეტს, არამედ მთელ ქვეყანას.

ჩემი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევაა თხილის მოსავლის გადარჩენა. აღნიშნული მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც - ჩვენი მხარდაჭერით და შესამაბამისი ცოდნით აღჭურვილი ადამიანები შეძლებენ თავიანთი თხილის ბაღების გადარჩენას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, როცა თქვენ მიხვალთ საარჩევნო უბნებთან და შემოხაზავთ 41-ს, თქვენ ხმას მისცემთ ზუგდიდის მშვიდ განვითარებას, აღმშენებლობას, კეთილდღეობას და კარგ მომავალს.

ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, ჩვენ ერთად ავაშენებთ უფრო კეთილმოწყობილ, უფრო წელში გამართულ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ზუგდიდს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“.- განაცხადა გეგა შენგელიამ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მერობის კანდიდატად გეგა შენგელია დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს რამდენიმე ქალაქში, მერობის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო