კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, გაცილებით მეტ ქართულ პროდუქტს ვიხილავთ ევროკავშირში

იმედი მაქვს, გაცილებით მეტ ქართულ პროდუქტს ვიხილავთ ევროკავშირში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რაც შეიძლება მეტი უფლებამოსილება და რესურსი ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სფეროს განსავითარებლად.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის სახელით დღეს საქართველოში იმართება ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც მომავალი 7 წლის მანძილზე განსაზღვრავს ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ზოგადად, სოფლის განვითარებას. ჩემს სიტყვაში რამდენიმე საკვანძო მომენტი აღვნიშნე. ერთი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ სოფლის განვითარების მომავალი 7 წლიანი სტრატეგია უნდა იყოს თანამონაწილეობითი პროცესი. ამიტომ მოხარული ვარ, რომ არა მარტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ, ბევრი სხვა სამინისტროც მონაწილეობს აქ და მთლიანად მთავრობა არის ჩართული ამ პროცესში. მეორე რაც აღვნიშნე არის ის, რომ ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც შემუშავდება უნდა მიყვებოდეს მიდგომას, რომელიც ქვემოდან ზემოთ გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. ეს არის უმნიშვენლოვანესი საკითხი და დიდი ხანია ევროკავშირი ამ საკითხზე მუშაობს. ამაყები ვართ, რომ საქართველოში ჩვენი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ადგილობრივი აქტიური ჯგუფები რომლებიც ჩართულები არიან სოფლის განვითარების პროცესში. უმნიშვნელოვანესია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რაც შეიძლება მეტი უფლებამოსილება და რესურსები ჰქონდეთ ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიის განსახორციელებლად. ბოლოს, რაც ჩემს სიტყვაში აღვნიშნე იყო სოფლის მეურნეობის განვითარება. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხის გაზრდა, სტანდარტების დამკვიდრება და უფრო მეტი ქართული პროდუქტის გატანა ევროკავშირის ბაზრებზე. რამდენიმე ხნის წინ ევროკავშირის კომისარი სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოში იყო ჩამოსული და მისი თანდასწრებით და მონაწილეობით სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ, ამიტომ მომავალში იმედი მაქვს, გაცილებით მეტ ქართულ პროდუქტს ვიხილავთ ევროკავშირში“, - განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ იმართება.

კონფერენციის ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო