გიორგი ქობულია - პროფესიული განათლება უნდა გახდეს კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა

როდესაც ინვესტორებთან ვლაპარაკობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, რასაც ისინი ყურადღებას აქცევენ, არის კვალიფიცირებული მუშახელის არსებობა ქვეყანაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პროფესიული განათლების გამოფენის - „გაიცანი პროფესია“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა თავის სიტყვაში აქცენტი გააკეთა საქართველოს მთავრობის მისწრაფებაზე, რომ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და დაფინანსება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მოქალაქეებისთვის წარმატების, დასაქმებისა და უკეთესი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გახდეს.

მისი თქმით, მთავრობა ხედავს, თუ რამდენად დიდია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სექტორთან ურთიერთობის სულისკვეთება.

„საუბარია ისეთი პროფესიის ადამიანებზე, როგორიც არის, მაგალითად, დურგალი, შემდუღებელი, ტექსტილის წარმოების სპეციალისტი, რემონტების სფეროს სპეციალისტები - ანუ კვალიფიკაცია ძირითადად ეხება პროფესიულ განათლებას. შესაბამისად, გვჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ენერგია, რომ გარდატეხა მოვახდინოთ იმ ტენდენციაში, რომელიც დღეს გვაქვს და პროფესიული განათლება გახდეს საქართველოში კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა .

ჩვენი სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ პროფესიული განათლება მივცეთ ადამიანებს იმ სფეროებში, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ. ამიტომ კერძო სექტორთან ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასახული მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გამოფენაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა, საქართველოში დუალური განათლების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია „პროფესიული განათლება წარმატებისთვის-გაიცანი პროფესია,“ ასევე შედგა მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია სახელმწიფოსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის. გამოფენის გახსნას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა