აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს დროშის აღდგენის სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დაიწყება

აღმაშენებლის ხეივანში ქარის მიერ დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო დროშის აღდგენის სამუშაოები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შემდეგ დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, 42-მეტრიანი კონსტრუქციის ზედა ნაწილი ქარმა მოტეხა, რომელზეც დროშის დამჭერი ბაგირი იყო დამაგრებული.

ზავრადაშვილი ამბობს, რომ კონსტრუქცია უცხოეთიდან იყო ჩამოტანილი, ამიტომ მისი ნაწილის შესყიდვაც საზღვარგარეთ მოხდება, თუმცა, რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს, ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით კონკრეტულ ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგეობა არ ატარებს, რადგან ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ-ერთი ძლიერი ქარის დროს, 42-მეტრიანი კონსტრუქციის ზედა ნაწილი მოტყდა, რომელზეც დროშის დამჭერი ბაგირი იყო დამაგრებული. დროშის ჩამოხსნისას ჩვენი გამგეობის თანამშრომელს ხელიც კი დაუზიანდა. შესაბამისად, აქ დროშის აღმართვა აღარ შეიძლება, თუ არ გვექნება სამხარაულის დასკვნა. კონსტრუქცია გაკეთებულია 2005-2007 წლებში და მისი პროექტი არქივშიც არ არსებობდა. რადგან ეს კონსტრუქცია უცხოეთიდან არის ჩამოტანილი, საზღვარგარეთ მოვიძიეთ პროექტი, რაც გადაგზავნილია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. სამხარაულმა უნდა დადოს დასკვნა, არის თუ არა ფუნდამენტი მყარი და 42-მეტრიანი კონსტრუქციის თავზე არსებული დეტალები რა დონეზეა დაზიანებული ან რომელი დეტალი დაზიანდა, რომ ამის შესყიდვა მოხდეს. ჩვენთან ეს დეტალები არ იყიდება. როგორც კი დასკვნა გვექნება, დავიწყებთ შესყიდვის სამუშაოებს“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

ცნობისთვის, აღმაშენებლის ხეივანში არსებული დროშა 100 კვ.მ.-ია. ის დიდუბის რაიონის გამგეობას მოვლა-პატრონობაში აქვს აღებული. დაზიანებული დროშის სწრაფად აღდგენის დავალება თბილისის მერმა 28 თებერვალს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერიის ადმინისტრაციის უფროსს და დიდუბის გამგეობას მისცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა