ავლაბრის სასახლის არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი - პრეზიდენტის სასახლის შენობა ქართული კულტურის ცენტრი უნდა გამხდარიყო და არა ცერემონიების სასახლე

ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ყოფილი სასახლის შენობა ქართული კულტურის ცენტრი უნდა გამხდარიყო და არა ცერემონიების სასახლე. როგორც ბათიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული შენობის იდეა „საქართველო - რუსთაველის სახლი“ იყო. მისი თქმით, ეს სასახლე ქართული კულტურის რაობის ამსახველი უნდა ყოფილიყო, სადაც თითოეულ ადამიანი, ტურისტი იქნებოდა თუ ოფიციალური სტუმარი, ქვეყნის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებდა.

არქიტექტორის შეფასებით, დღეს ქართული კულტურის მნიშვნელობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და უფრო პრიორიტეტული სტუმრების მიღება იქნება.

„ჩემი პირადი აზრი სრულიად განსხვავებულია. ჩემი იდეა იყო, რომ ეს შენობა კულტურის ცენტრი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მთავრობას მიაჩნია, რომ მიღებები საჭირო საქმეა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უპირველესი საქმეა ეროვნული ღირსების საკითხი. ამიტომ ეს შენობა დაპროექტებული იყო, როგორც „საქართველო - რუსთაველის სახლი“ ანუ ჩვენი რაობა, ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში და მსოფლიო კულტურის როლი ჩვენში - ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აქ წარმოდგენილი, ეს იქნებოდა უმთავრესი ობიექტი მთელ ქართულ კულტურულ სივრცეში. სკოლის მოწაფე იქნებოდა, ტურისტი, უცხო ქვეყნის ოფიციალური თუ არაოფიციალური სტუმარი, მეფე იქნებოდა თუ პრეზიდენტი - ამ შენობაში ყველას შეეძლებოდა მიეღო სრული ინფორმაცია, რას ნიშნავს საქართველო. ამ შენობაში პერმანენტულად შეიძლებოდა ჩატარებულიყო გამოფენები, სამეცნიერო კონფერენციები იმიტომ, რომ ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შევძელით, რენესანსული იდეოლოგიით აღგვეზარდა თაობები. ეს შოთა რუსთაველმა გააკეთა. ეს იდეოლოგია ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს ჩვენმა წინაპრებმა მოამზადეს. ახლა ეს ყველაფერი მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე სტუმრების მიღება და ბანკეტების ჩატარება იქნება,“ - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა