ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის სასახლე მენანება იმისათვის, რომ იქ სახელმწიფო არ იყოს წარმოდგენილი

პრეზიდენტის სასახლის სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გარდაქმის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ცხადყოფს მთელს იმ პროცესს, რაც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ამ სასახლემ და იქ მყოფმა ადამიანებმა, პრეზიდენტის თამადობით გაიარეს - ეს იყო დაუსრულებელი აგრესია, რომელიც ამ შენობაში ყოფნის გამო სახელისუფლო წრეებიდან მოდიოდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

ჩიხრაძის თქმით, ათონელის სასახლეში სამუშაო პირობები ახლაც არ არის შექმნილი, “ეს რეალობა კიდევ უფრო აშიშვლებს იმ უგემოვნო დაპირისპირებას, რაც“ქართული ოცნების“ მხრიდან მარგველაშვილის წინააღმდეგ იყო“.

„ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ პრეზიდენტის სასახლე მენანებოდა და მენანება იმისათვის, რომ იქ სახელმწიფო წარმოდგენილი არ იყოს. ეს შენობა სწორედ ცერემონიალური დატვირთვით არის გათვალისწინებული, გამიზნულად ამაზეა მორგებული და აშენებული. სამუშაო სივრცეები იქ ძალიან შეზღუდულია. ამიტომ ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა იქ ადგილი ისევ სახელმწიფო უწყებას დაეკავებინა. ეს ყველაფერი არის ერთი მხარე. მეორე მხარეა, თუ როგორ ვხედავდით პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამ შენობამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის დატვირთვა შეიძინა. საქართველოს ძალიან სჭირდებოდა, რომ ერთპარტიულ და ერთმმართველ ვერტიკალში მოქცეული მთელი ძალაუფლება რაღაცნაირად ყოფილიყო დიფერენციერებული და სადღაც ყოფილიყო ხელისუფლების შტოები, რომლებიც მეტ-ნაკლებად, ბალანსის როლის შემსრულებელი იქნებოდა. პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი სწორედ ამ ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, თავისი შემცირებული უფლებების მიუხედავად. სამწუხაროდ, სცენარი ისე წავიდა, როგორც ეს მმართველ პარტიას უნდოდა და როგორც ეს იმთავითვე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განზრახული. მაინც მიხარია, რომ ვერ ასცდნენ იმას, რომ ამ სასახლეს ცერემონიალური დატვირთვა ჰქონდეს, რადგან ათონელის სასახლეში მაღალი რანგის სტუმრების მიღება სრულიად წარმოუდგენელია. ცხადია, რომ ეს შენობა მუშაობისთვის მზად არ იყო - სამუშაო პირობები იქ ახლაც არ არის შექმნილი. ეს რეალობა კიდევ უფრო აშიშვლებს იმ უგემოვნო დაპირისპირებას, რაც წინა პერიოდში “ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ იყო“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

“საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა - ეს არის სახელწიფო ცერემონიების სასახლე. შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხატია მოისწრაფიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს