დავით უსუფაშვილი - ავლაბრის სასახლის ფუნქცია ცერემონიები შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ არა დასახელება

ავლაბრის სასახლის ფუნქცია ცერემონიები შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ არა დასახელება. დასახელებაში საქართველოს რესპუბლიკის სასახლე უკეთესი იქნებოდა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის “ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ყოფილი სასახლისთვის ახალი ფუნქციის განსაზღვრისა და სასახლისთვის „სახელმწიფო ცერემონიების სასახლის“ მინიჭების საკითხს.

დავით უსუფაშვილის თქმით, ის მხარს უჭერს, შენობის ახალ ფუნქციურ დატვირთვას, თუმცა მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში ქვეყნის ისტორიის ამსახველი მასალები იყოს წარმოდგენილი, მათ შორის ცერემონიების სასახლეში ერთმანეთის გვერდით ქვეყნის ყველა პრეზიდენტის პორტრეტებიც იყოს გამოფენილი.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი დღევანდელ რეალობაში ერთ სივრცეში საქართველოს პრეზიდენტების პორტრეტები იყოს წარმოდგენილი, დავით უსუფაშვილი ასე პასუხობს: „სანამ ამას ვერ შევძლებთ და ვერ შევეგუებით, მაშინ სახელმწიფოებრიობაზე ჩვენ თეორიაში ვსაუბრობთ და არა პრაქტიკაში. არც ჩვენ მეფეებს ჰქონდათ ყველას ერთმანეთთან სიამტკბილობა, მაგრამ ისტორია ისტორიაა“.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ჯერ კიდევ 2012 წელს გამოითქვა მოსაზრება, რომ სასახლეს სხვა ფუნქცია მინიჭებოდა და მაშინვე მხარს უჭერდა იმ ვერსიას, რომ ის საქართველოს რესპუბლიკის სახელდებით ყოფილიყო წარმოდგენილი, სადაც 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკის პერიოდი, თანამედროვეობა და საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის პერიოდები იქნებოდა გაერთიანებული, რადგან ამ გზით ქვეყანას, ერთ შენობაში საქართველოს 100 წლიანი ისტორიის ასახვა ექნებოდა და მეორე მხრივ, მისი ფუნქციური დატვირთვა სწორედ სახელმწიფო ცერემონიების გამართვა იქნებოდა.

„დღეს, როდესაც სასახლეს ეწოდა სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, მე ფუნქციურად სწორედ ამ მოდელს დავუჭერდი მხარს, რომ ეს იყოს სახელმწიფო ცერემონიებისთვის გამოყენებული, მაგრამ თუ მას ეწოდება საქართველოს რესპუბლიკის სასახლე და ამ სასახლის სხვადასხვა დარბაზებში განლაგდებოდა სახელმწიფოებრიობის უმთავრესი ატრიბუტები, რომელიც იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის, თუ გამოცხადების აქტები, საქართველოს პრეზიდენტების პორტრეტები, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იქნება ჩამოკიდებული მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობდა ეს ხალხი ერთმანეთზე. ასევე სასახლეში სერიოზული ადგილი უნდა დაეთმოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტიკას, ჩვენ შემთხვევაში ქართულ ენას. ასე რომ, ფუნქციურად თუ იქნება სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, სადაც მიღებები გაიმართება, სახელმწიფო ჯილდოები გადაიცემა, თანამდებობის პირების მიერ ფიცი დაიდება, იქნება ღია ექსკურსიებისთვის, ტურისტებისთვის - ეს სწორი მიმართულებაა. ცერემონიები ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ფუნქცია, მაგრამ არა დასახელება. დასახელებაში „საქართველოს რესპუბლიკის სასახლე“ უკეთესი იქნებოდა“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს