საკრებულო თბილისის ექვსი ქუჩისთვის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება. როგორ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ დედაქალაქის ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გამართა.

მათივე ინფორმაციით, განხილვას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, 9 აპრილის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში, მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კომისიის ინიციატივა 9 აპრილს დაღუპულთა ღვაწლის უკვდავყოფას ემსახურება.

„ამ ადამიანების თავდადებამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია და მოგვიტანა თავისუფლება. მათი თავგანწირვა დაედო საფუძვლად საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობის შექმნას. ვფიქრობ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ადამიანების ღვაწლი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ თაობებს არ დაავიწყდეთ მათი სახელები“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სახელდების და სიმბოლიკის კომისიას ასეთი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ დღეს გვეძლევა საშუალება, რომ დაღუპულთა სახელებს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ. დავამატებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და 9 აპრილს ყველა დაღუპულის სახელობის ქუჩები თბილისში აუცილებლად იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო 9 აპრილის როლი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ეს იყო, ერთის მხრივ დიდ ტკივილი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მეექვსე მოწვევის საკრებულოს დროს დასრულდება.

საკრებულოს ინფორმაციით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირა ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში, 6 ქუჩისთვის, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება. ესენი არიან: მზია ჯინჭარაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, მანანა ლოლაძე, ელისო ჭიპაშვილი და თამარ მამულაშვილი.

როგორც ცნობილია, 21 დაღუპულიდან 4 სახელობის ქუჩები თბილისში უკვე არსებობს. მომავალ წელს კიდევ 6 დაღუპულის სახელი მიენიჭება თბილისის ქუჩებს. დარჩენილი 5 დაღუპულის შემთხვევაში, ვინაიდან ისინი რეგიონებიდან არიან, თბილისის საკრებულო იშუამდგომლებს ადგილობრივ საკრებულოებთან, რომ მათი სახელდება მოხდეს საცხოვრებელი ტერიტორიების მიხედვით.

საჯარო განხილვაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისში 9 აპრილს დაღუპულთა სახელობის სამახსოვრო სკამები დაიდგას.

საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა