თორნიკე შარაშენიძე - ქართველების გამოუცდელობამ და რიგ საკითხებში უვიცობამ, ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედა

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, გაერთიანების მოწოდებამდე, ქართულ საზოგადოებას ხელისუფლებამ კონსოლიდაციის მაგალითი თავად უნდა აჩვენოს.

შესაბამისი კომენტარი თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას გააკეთა.

„ყველა გაერთიანდება მის გარშემო, თუ გვაჩვენებს მაგალითს, რომ დავივიწყოთ პოლიტიკური წარსული. ბოლო 7 წელი 9 წელზე საუბარი გვესმის და გვაჩვენოს მაგალითი,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ კონსოლიდაცია შევძლოთ, „არჩევნები არ უნდა გაყალბდეს და კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას“. პოლიტოლოგის თქმით, თუ ქვეყანას პრეტენზია ევროპაზე აქვს, აღნიშნული ფაქტორები გათვალისწინებული უნდა იყოს.

თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველების გამოუცდელობამ და რიგ საკითხებში უვიცობამ, ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედა.

„რეალურად, ქართველებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება და ცოდნა. საერთოდ არ ჰქონდათ პოლიტიკური, დემოკრატიული კულტურა. არ იცოდნენ ისეთი რაღაცები, როგორიცაა თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა... ეს იმ წლებში ძალიან მძიმედ აისახა. პირველივე წლებში მივიღეთ სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა... აღმოჩნდა, რომ რეალურად 70-80-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში ქართველი ერი ძალიან გაზულუქებული იყო. ჩვეულებრივი ამბავი იყო დიპლომის ყიდვა ისე, რომ ცოდნას უნივერსიტეტებში საერთოდ არ იღებდნენ. ეს შემდგომში ჩვენს ქვეყანას ძალიან დაეტყო. დღემდე მოგვყვება ცოდნის დეფიციტი, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო. უმთავრესი პრობლემა, რაც დღემდე მოგვდევს, მოდის სწორედ იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნების, დემოკრატიული კულტურის ძალიან დიდი დეფიციტი. დღემდე ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ყოველთვის მოღალატეებად და მტრებად აცხადებენ. ეს მაშინდელი პოლიტიკური კულტურის დეფიციტის გამოძახილია,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მან ასევე პარალელი გაავლო პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებზეც და აღნიშნა, რომ ამ სახელმწიფოებმა პრობლემებს თავი გაცილებით იოლად დააღწიეს. საქართველოსთან მიმართებით პოლიტოლოგი ასევე რუსეთის ფაქტორზეც საუბრობს.

„ბალტიისპირეთი გაცილებით იოლად გამოვიდა ამ სიტუაციიდან იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ დამოუკიდებლობის ოცწლიანი პერიოდი 1919-1939 წლამდე. 20 წელში მოასწრეს ის, რომ მათთან გამოიზარდა თაობა, რომელსაც დამოუკიდებლობა ახსოვდა. შესაბამისად, მარტივად შეძლეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც, ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაუდგათ. მოგეხსენებათ, ჩვენ სახელმწიფოებრიობა რამდენიმე საუკუნე დაკარგული გვქონდა. რეალურად, ჩვენც ის პრობლემები დაგვატყდა თავს, რომლებიც ალბათ, პრაქტიკულად ყველას, მაგრამ ამას სხვა რამ დაემატა. რუსეთი მიიჩნევს, რომ ჩვენ მათი ინტერესის სფეროში ვართ და ჩვენი დამოუკიდებლობის დაშვება არაფრით შეიძლება. ბუნებრივია, მათ გარედანაც შეუწყეს ხელი ჩვენს პრობლემებს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი რუსეთს დავაბრალო. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალიც იყო. რუსებმა ჩვენი უვიცობა და სისუსტე გამოიყენეს. ძლიერები, მობილიზებულები რომ ვყოფილიყავით, გვცოდნოდა ყველაფერი და სწორად გაგვეკეთებინა, ისინი ამით ვერ ისარგებლებდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა