დუბლინსა და ჟენევაში 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დუბლინში, საქართველოს საელჩოში მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის“ გაიმართა. ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროდან აცნობეს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის თავგანწირვამ დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის მომავალზე და 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გიორგი ზურაბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა გარდამავალი პერიოდის სირთულეებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ამჟამინდელ მთავარ გამოწვევას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, რასაც, ქართული მხარის ხედვით, ალტერნატივა არ გააჩნია კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, ქართველი სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და განიხილეს საკითხი ფართო ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში.

ღონისძიების მსვლელობისას, საელჩოში განთავსებული იყო ფოტო - გამოფენა „საქართველოს ისტორიის დამოუკიდებლობის 100 წელი“.

9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ჟენევაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბერნში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რომელთაც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ და შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ჯალაღანიამ, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. გამოსვლებში ხაზი გაესვა საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს თარიღი გამოხატავს სწრაფვას თავისუფლებისადმი და ქართველი ხალხის ძალას, რომელმაც მოიტანა და აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.

შეკრება გაერო-ს ოფისთან მდებარე “Broken Chair” -თან გაიმართა, რომელიც თავისუფლებისა და ომის მსხვერპლთა სიმტკიცის სიმბოლოა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს