საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრების საუბრის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრები უკვე გაიმართა ბუტანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ვანგჩუკ ნამგიელთან და ბარბადოსის სპიკერთან, არტურ ჰოლდერთან.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე მყოფმა მხარეებმა პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მხარდაჭერილი იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მხარდაჭერის მოპოვება, რაც დიალოგის რეჟიმში იქნა მიღწეული. მხარეები დაგვპირდნენ, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მხარდაჭერილი იქნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, დაინტერესდნენ იმ რეფორმებით, რომელსაც საქართველო ახორციელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მთლიანობაში შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული ვიზიტი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დელეგაციის წევრის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ფორმატი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

„ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც 160 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორის, ისეთი ქვეყნები, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ვისაც ჯერ კიდევ არ უღიარებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, ეს ფორმატი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, შევხვდეთ ქვეყნებს, მაგალითად, წყნარი ოკეანის რეგიონიდან, აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან, რომლებსაც ვერც ერთ სხვა ღონისძიებაზე და ფორმატში ვერ შევხვდებით. ამიტომ მთავარი ღირებულება და დატვირთვა ამ შეხვედრების და ვიზიტის არის სწორედ შესაძლებლობა, ვისაუბროთ მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და სწორედ ეს იყოს შეხვედრის მთავარი საკითხი - ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ერთიანობა ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარესთან რადუ ეპელი ნაილატიკაუსთან, ტონგას საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარესთან ლორდ ფაკაფანუასთან და ახალი ზელანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე- სპიკერთან, ენ ტოლისთან გამართავს.​

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის თავმჯდომარე დოჰაში შეხვედრებს აგრძელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა