იანუშ ბუგაისკი - შეიძლება რუსეთმა გააგრძელოს დასავლეთის პროვოცირება და ამან შესაძლოა, მიგვიყვანოს იმ დონის უკურეაქციამდე, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ერთბაშად გაიზარდოს

ზოგჯერ ისმის მოსაზრება, რომ თუ ქვეყანა საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, ის არ უნდა იყოს ნატო-ს წევრი. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა, რადგან ის არასწორ სიგნალს უგზავნის მოსკოვს - რომ მიითვისე ნებისმიერი ტერიტორია და ამით შეაჩერე იმ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარმა იანუშ ბუგაისკიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, ნატო დღესაც არის თუ არა ღია პოლიტიკურად ასპირანტი ქვეყნების მისაღებად, იანუშ ბუგაისკი პასუხობს, რომ ალიანსი ამისთვის მზად არის.

„რა თქმა უნდა! ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მონტენეგრო გახდა ნატოს წევრი, ახლა ჩრდილოეთ მაკედონია ემზადება ნატოში გაწევრიანებისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს ნატო-ს დაპირება, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან. კითხვა ახლა იმაში მდგომარეობს, თუ როდის მოხდება ეს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რაც მალე მით უკეთესი. სიმართლე გითხრათ, საქართველო ან უკრაინა ნატო-ს წევრები რომ ყოფილიყვნენ, რუსეთი იქ ვერ შეიჭრებოდა. ზოგჯერ, ჩვენს მიერ გადაწყვეტილების დაყოვნებით მოწინააღმდეგე სარგებლობს და ეს ასეც მოხდა საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში“, - განაცხადა ბუგაისკიმ..

ამასთან, მის თქმით, არც ერთი ქვეყანა ერთნაირ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში არ არის და ხშირად ქვეყნებს დასავლეთში ერთნაირი მხარდაჭერა არ აქვთ.

„ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, გახსოვთ ალბათ, რომ ამერიკას და დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილს, ისინი საბჭოთა კავშირის წევრებად არასოდეს უღიარებიათ. საქართველოს შემთხვევა ვფიქრობ განსხვავებულია. საქართველოს არ ჰყავს დიდი დიასპორა, ამ ეტაპზე არ ჰყავს საკმარისად მამაცი ლიდერები, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო ნატო-ში გაწევრიანებამდე. ასევე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ზოგჯერ ისმის მოსაზრება, რომ თუ ქვეყანა საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, ის არ უნდა იყოს ნატოს წევრი. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა, რადგან ის არასწორ სიგნალს უგზავნის მოსკოვს - რომ მიითვისე ნებისმიერი ტერიტორია და ამით შეაჩერე იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. ვფიქრობ, ახლაა მომენტი მოსკოვს სწორი სიგნალი გავუგზავნოთ და ვუთხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორია გაქვს დროებით მითვისებული, მათ მაინც შეუძლიათ ნატო- ში გაწევრიანება.

რა იქნება გადამწყვეტი მომენტი, არ ვიცი. შეიძლება რუსეთმა გააგრძელოს დასავლეთის პროვოცირება სხვადასხვა მეთოდით და ამან შეიძლება მიგვიყვანოს დასავლეთის მხრიდან იმ დონის უკურეაქციამდე, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ერთბაშად გაიზარდოს", - განაცხადა იანუშ ბუგაისკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა