ბიძინა ივანიშვილი გირგვლიანის საქმეზე - წარმოიდგინეთ, შალვა შავგულიძეს ავიწყდება აპელაციაში შეტანა სასჯელთან დაკავშირებით, ადრე  ვფიქრობდი, რომ ეს შეცდომა გამოუცდელობის გამო მოუვიდა, მაგრამ დღეს გადავაფასე

დღეს ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია. ამავე დროს, საქმის ადვოკატს შალვა შავგულიძეს დაავიწყდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამნაშავეების სასჯელთან დაკავშირებით. აპელაცია სასჯელის მომატებაზე დაწერა პროკურორმა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეზე საუბრისას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის მიერ იმ დროს დაშვებული შეცდომა მან გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა. ივანიშვილის თქმით, გირგვლიანის მთელი ოჯახი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეწირა და ამის მოთავე მიხეილ სააკაშვილი იყო.

„მურუსიძის შემთხვევა აბსოლუტურად პარადოქსული იყო ჩემთვის. დღეს ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია. თუ ახსენებ მურუსიძეს, იმ წუთში მოგდის გირგვლიანი და ასოცირებაც ისეთია, რომ გირგვლიანი მოკლა მურუსიძემ. ამ დროს საქმის ძირითადი ადვოკატი შალვა შავგულიძე, დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში. პირველ რიგში, მოხდა დიდი ტრაგედია. მთელი ოჯახი, პრაქტიკულად, შეეწირა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას. ამის მოთავე გახლდათ სააკაშვილი. ერთადერთი კაცი, რომელსაც მსხვერპლად ჰყავდა მთელი ეს გუნდი და მის ხასიათს იყო მორგებული თავიდან ბოლომდე. სასწრაფოდ მოახერხეს პარლამენტში სამი მოსმენით კანონის შეცვლა, რომ პოტენციურ მკვლელებს სასჯელის ნაკლებობა მიეღოთ. ამის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხვადასხვა სასჯელს უსჯის დამნაშავეებს 7 წელს და 8 წელს .წარმოიდგინეთ, რომ შალვა შავგულიძეს ავიწყდება აპელაციაში შეტანა. აპელაციას სწერს პროკურატურა. მე მინდა, საზოგადოებამ ამას ყურადღება მიაქციოს. ადრე მე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს ეს შეცდომა გამოუცდელობის გამო მოუვიდა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასე. კანონის შეცვლა ხომ მოახერხეს სასწრაფოდ, რომ ოთხივე დამნაშავე ერთ კამერაში მოხვედრილიყო და თანაც ნაკლები წლები მიეღოთ. კადრებიც იცით, რომ იქ ჩვეულებრივი ქეიფი მიდიოდა, მანქანებით გარეთ გულაობდნენ და ქალებსაც ართმევდნენ. აი, ეს იყო ის ხელისუფლება,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს