კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს დღეს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მომდევნო თვეების განმავლობაში ფართები კიდევ 300 ოჯახს გადაეცემა.

„იცით კოოპერატივებით დაზარალებულების მიმართ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება როგორია. დაახლოებით, 3000-მდე ოჯახია დაზარალებული და მათ პირობა მივეცით, რომ მოგვარდებოდა მათი პრობლემა და დაკმაყოფილდებოდნენ ბინებით, გადაეცემოდათ ის ფართები, რაც მათ ეკუთვნით და და სახელმწიფოს აღიარებული აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, უამრავი ადამიანი მოდიოდა ამ პრობლემით და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ დავიწყებდით ამ პროექტის განხორციელებას და პრობლემის მოგვარებას.

დღეს 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში, საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ. ყველასთვის ცნობილია თუ როგორი წესით ხდება გადაცემა და შერჩევა ამ ადამიანების.

მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმია დაბალი სარეიტინგო ქულა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათ გადაეცემათ ეს ბინები პირველ ეტაპზე. დღეს 57 ოჯახს გავაბედნიერებთ. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა კონკრეტულ ადგილზე და დაახლოებით 300 ოჯახი დაკმაყოფილდება მომდევნო თვეების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც 5 მისამართზე ააშენებენ საცხოვრებელ ფართებს და თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემენ ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს. მათივე ცნობით, ჯამში გათვალისწინებულია 22 000 კვადრატული მეტრი ფართი, რომლითაც 300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. კერძოდ:

1) ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „აპექს დეველოპმენტმა“.

2) დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონში, N12 კორპუსის მიმდებარედ 2359 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „არქიმედ ჰაუსმა.“

3) დიდი დიღომში, IV მიკრო რაიონში, კორპ. 12-ის მიმდებარედ 11 774 კვ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა „ბი დეველოპმენტმა.“

4) დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „ფ.ს.გ.“-მ.

5) დიდ დიღომში პეტრე იბერის ქუჩის შესახვევის N13-ის მიმდებარედ არსებულ 16 885 კვ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს „ენსი გრუპმა.“

ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ ორ მისამართზე:

1) ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის მიმდებარედ 89 219 კვ. მიწის ნაკვეთზე.

2) დიდი დიღმის დასახლებაში, III მიკრორაიონის, N29 კორპუსის მიმდებარედ 8692 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო