ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართავს

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, კახა წიქარიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი წერილით მიმართავს. წერილს „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო ბიძინა,

მოგმართავთ ღია წერილით სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თქვენი გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლა ადასტურებს, რომ თქვენ ვერ ერკვევით სასამართლოში არსებულ პრობლემაში ან ერკვევით და შეგნებულად ცდილობთ ამ პრობლემის დამალვას.

პირველ რიგში, ალბათ დამეთანხმებით, რომ სასამართლო სისტემა არ არის საწარმო, რომელიც პროდუქციას აწარმოებს და რომლისთვის მნიშვნელობა არ აქვს იქ მომუშავე ადამიანების მორალურ მდგომარეობას. სასამართლო არის მორალურ და სამართლებრივ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემა.

როდესაც ამბობთ, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ადეიშვილის დაკვეთებს ასრულებდა, ისმის შეკითხვა: ადეიშვილი პირდაპირ არიგებდა ამ დაკვეთებს თუ ჰყავდა შუამავლების ჯგუფი, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ დაკვეთების შესრულებას, ურჩებს სჯიდნენ, ხოლო მორჩილებს ახალისებდნენ?

როდესაც ამბობთ, რომ მოსამართლეები იყვნენ წინა რეჟიმის მსახურები, ისმის შეკითხვა: ყველა ერთნაირად ემსახურებოდა რეჟიმს თუ არსებობდა რაიმე განსხვავება მოსამართლეებს შორის?

მე გთავაზობთ წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები ერთმანეთისგან განვასხვავოთ მორალური შკალის მიხედვით. ამ შკალის პირველ საფეხურზე არიან ისინი, ვისაც შემოჰქონდათ დაკვეთები სასამართლოში და ორგანიზებას უწევდნენ მათ შესრულებას; მეორე საფეხურზე არიან ისინი, ვინც ხალისით იღებდნენ და ასრულებდნენ ამ დავალებებს; მესამე საფეხურზე ისინი, ვინც დავალებებს ასრულებდნენ იძულებით; მეოთხეზე ისინი, ვინც უარს ამბობდნენ დაკვეთის შესრულებაზე, მაგრამ დარჩნენ სისტემაში; ხოლო შკალის თავში არიან ისინი, ვინც აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ რეჟიმს და თავისი ნებით წამოვიდნენ ან გამოაძევეს სისტემიდან.

თუ ეს დაყოფა მისაღებია, მაშინ იქნებ გვიპასუხოთ, სად არიან დღეს ამ შკალის დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანები და მართავენ თუ არა ისინი დღეს სასამართლო სისტემას?

თუ ისინი დღესაც მართავენ სისტემას, მაშინ რამდენად არის შესაძლებელი, ასეთმა ადამიანებმა ააშენონ დამოუკიდებელი სასამართლო და მოიპოვონ საზოგადოებრივი ნდობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს მხოლოდ უსამართლო კანონების მსხვერპლად მიიჩნევენ (რომელი კანონების? დღესაც იგივე კანონმდებლობა მოქმედებს)?

ბოლოს ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ 2012 წლიდან დღემდე არავის არ ახსოვდა სასამართლოში კლანის არსებობა და დღეს დავიწყეთ ხმაური ამ თემაზე. სასამართლოში არსებულ კლანზე 2013 წლიდან ბევრი ითქვა და დაიწერა. პირადად მე 2013 წლიდან არაერთხელ ოფიციალურად მივმართე „ქართულ ოცნებას“ და მოვითხოვე სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის შეფასება, თუმცა ჩემი მოწოდება არ იქნა გაზიარებული.

შესაბამისად, ვრჩები იმ აზრზე, რომ სასამართლოში არსებული ღირებულებითი კრიზისის გააზრებისა და შეფასების გარეშე სასამართლოს გაჯანსაღება შეუძლებელია“, - ნათქვამია წიქარიშვილის წერილში.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო