მამუკა ბახტაძე - ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას

ჩემი დღევანდელი გამოსვლა თქვენს წინაშე ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან 1894 წლის 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ თავისი ევროპული იდენტობა დაიბრუნა.

„გუშინ - 9 აპრილს - საქართველომ 30 წლისთავი აღნიშნა იმ ავბედითი დღიდან, როდესაც 1989 წელს საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული ანტი-საბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე სასტიკად იქნა დარბეული საბჭოთა ჯარის მიერ ტანკებისა და იარაღების გამოყენებით.

მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში. ეს მცდელობა სისხლით ჩაახშეს, თუმცა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არ ყოფილა დაკარგული. იმ ტრაგიკული მოვლენიდან 2 წლის შემდეგ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ.

ზუსტად ამ მიზეზის გამო ჩემი დღევანდელი გამოსვლა თქვენს წინაშე ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოს მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატება ევროსაბჭოსაც ეკუთვნის და საქართველოსთან ერთად, ევროსაბჭოსაც შეუძლია იამაყოს.

„ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნა სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. გამოწვევებით აღსავსე რეიონში საქართველოს გააჩნია იმის ამბიცია, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება,” - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს