სულხან სალაძე -  არც „ნაცმოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ არსებობდა, როცა საია სასამართლოს პრობლემებზე ლაპარაკობდა

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მოცემულობა, როდესაც ყოფილი მმართველი პარტია მოქმედს ადანაშულებს, ხოლო მოქმედი მმართველი პარტია - ყოფილს, ეს არის ის სტატუს-კვო, რომელიც ამ ორ პარტიას სჭირდება, აწყობთ ერთმანეთისგან მტრის ხატების დახატვა, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

სალაძე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის თქმითაც, მურუსიძე-ჩინჩალაძის და ყველა ამ გვარის ოდიოზურობა „ნაციონალური მოძრაობისა და მათგან მართული „ენჯეოებისგან“ მოდის. სალაძის განცხადებით, საია-ს 25 წლიანი ისტორია აქვს და ჯერ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ არსებობდა, როდესაც ეს ორგანიზაცია სასამართლოს პრობლემებზე საუბრობდა.

„როდესაც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების კონტექსტში საუბარი და დაბრალებაა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ალბათ, უფრო მეტი არგუმენტი უნდა მოვისმინოთ. მე არ ვთვლი, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე ლაპარაკობს, უნდა ვიფიქრო, რომ ის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ გულისხმობს იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციას 25-წლიანი ისტორია აქვს. არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ არსებობდა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ სასამართლოს პრობლემებზე ვლაპარაკობდით. ამიტომ მე არ მგონია, რომ ამ კონტექსტში უნდა განვიხილო ეს განცხადება.

მეორე მხრივ, ცხადია, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ლაპარაკობს, მეტი არგუმენტია საჭირო, თუ რა მოიაზრება კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მოცემულობა, როდესაც ყოფილი მმართველი პარტია მოქმედს ადანაშულებს, ხოლო მოქმედი მმართველი პარტია - ყოფილს, ეს არის ის სტატუს-კვო, რომელიც ამ ორ პარტიას სჭირდება, აწყობთ ერთმანეთისგან მტრის ხატების დახატვა და რეალური პრობლემებისგან თავის არიდება. სინამდვილეში ქვეყანაში ბევრად მეტი პრობლემაა, ეს იქნება განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ საკითხებში და ამ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ჩვენ მუდმივად ვისმენთ ერთსა და იმავეს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

რაც შეეხება სასამართლო სისტემის კონტროლს, საია-ს თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები არც არასდროს აკონტროლებდნენ სასამართლო სისტემას. სალაძის განცხადებით, ივანიშვილის ეს შეფასება რეალობას არის აცდენილი.

„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მათ სასამართლოს დამოუკიდებლობა ესმით, როგორც კონტროლი. სასამართლოს არ სჭირდება კონტროლი. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, მას უნდა ჰქონდეს მყარი გარანტიები საკანონმდებლო დონეზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ლამის უკვე ათეულობით წლებია სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ, არც არასდროს აკონტროლებდნენ სასამართლო სისტემას. რბილად რომ ვთქვათ, ამ ნაწილში ეს შეფასება რეალობას არის აცდენილი,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო