ნინო თანდილაშვილი - დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიებზე მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ირწმუნება, რომ დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიებზე მსხვილი, მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება.

როგორც მან პარლამენტში, “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა, შესაბამისი ჩანაწერი კანონში დაზუსტდება.

“საუბარია იმაზე, რომ დაცულ ლანდშაფტზე გაკეთდეს ისეთი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ელექტრომომარაგებას და ტურიზმის განვითარებას. მას არ ექნება კომერციული მიზნები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დაცული ტერიტორიების და დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობა. საუბარია ისეთი ტიპის პროექტებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და მათ ელექტრომომარაგებას მოემსახურება. ეს შეიძლება იყოს ქარის სადგური, მზის პანელები, მიკროჰიდროელექტრო სადგური, რომლის ანალოგები სხვა დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს - მაგალითად, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, სადაც არის ასეთი პრეცედენტი, მცირე ჰესის, რომელიც უშუქო სოფლების ელექტრომომარაგებას უწყობს ხელს”, - განმარტა ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომლის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები.

ამას “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ დეკემბერში წარუდგინა, თუმცა პროექტის საკომიტეტო განხილვა რამდენჯერმე გადაიდო.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია - მთავრობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს