დიმიტრი ცქიტიშვილი და რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციების საკითხებზე გაერო-ს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე გაერო - ს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელსაც ჯგუფის თავმჯდომარე სურია დევა ხელმძღვანელობდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც დიმიტრი ცქიტიშვილი და რატი იონათამიშვილი მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

„ჩვენ სტუმრებს გავაცანით რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მათი მხარდაჭერის, რესოციალიზაციის და ინტეგრირების მიმართულებით მიმდინარეობს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მექანიზმები გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისა და ადეკვატური ზომების მიღებისთვის. საუბარი შეეხო იმ კომპლექსურ გეგმებსა და შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იყენებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, კერძო სექტორში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის საქართველოში ვიზიტი 2019 წლის 3 აპრილს დაიწყო და 12 აპრილს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს-გაერთიანებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან.

განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე სამუშაო ჯგუფი შესაბამის ანგარიშს მოამზადებს, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდება და განხილული იქნება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44-ე სესიის ფარგლებში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს