დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში, ისევე, როგორც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების 20 წლისთავს ევროპის საბჭოში, უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს კი, მისი შეფასებით გამოხატავს ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებულ ნდობას.

„ნოემბერში საქართველო ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის პირველ რიგში საქართველოს აღიარება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარება. ვფიქრობ, რომ ამას ჩვენ განსაკუთრებული შეფასება უნდა მივცეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პრემიერ - მინისტრმა სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა 20 წლის განმავლობაში იმ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია ყველა მიმართულებით",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძემ ყველა იმ მნიშვნელოვან და მწვავე გამოწვევებზე ისაუბრა, როგორიც არის, ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია და ქვეყნის უსაფრთხოება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ძალიან მწვავე გამოწვევაზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან , ტერიტორიულ მთლიანობასთან. ოკუპაციას ჰქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი მის გამოსვლაში. მძაფრი, მწვავე შეფასებები მიეცა რუსეთის უკანონო ქმედებებს, იმ უკანონო დაკავებას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი და რასაც მოჰყვა ჩვენი მოქალაქის გაურკვეველ გარემოებაში სიკვდილი. ასევე, ისაუბრა მანამდე განხორციელებულ ქართველების დაკავებისა და მკვლელობის ფაქტებზე“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს, ევროპის საბჭოში დასმულ ყველა მწვავე შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად იყოს ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და მათი მხრიდან იყოს მუდმივი რეაგირება იქ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე და კონფლიქტის დარეგულირების თანმიმდევრულ პოლიტიკაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა