იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ პროექტს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ პროექტს განიხილავს. განხილვა პირველი მოსმენით გაიმართება.

ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

“პირველ რიგში, ეს არის ღია და საჯარო კონკურსი. ყველას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს. ეს სტანდარტები გახლავთ: ასაკი -30 წელი, იურიდიული განათლება, 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამას ემატება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როგორიც არის: - სპეციალური კითხვარის შევსება. ამავე დროს, ამ ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დადგენილი იქნება კვორუმი - საჭირო იქნება როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მაღალი კვორუმით იყოს შემოთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატების სია. იუსტიციის საბჭო შეამოწმებს რა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატების მონაცემების შესაბამისობას და ის ამ სიას წარუდგენს პარლამენტს. მთავარი პროცესი პარლამენტში დაიწყება. ჩვენი კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არ იქნებიან პარლამენტის წევრები. მასში იქნებიან სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ისინი იმუშავებენ კანდიდატების დეტალური ინფორმაციის მოგროვებასა და დასკვნების დაწერაში. სამუშაო ჯგუფის შემდეგ უკვე კომიტეტი იწყებს თითოეული კანდიდატის განხილვას. ამის შემდეგ გაიცემა დასაბუთებული წერილობითი რეკომენდაციები და გადაეცემა ეს სია პარლამენტს, რომელიც კენჭს უყრის მაღალი კვორუმით“, - განმარტავს ეკა ბესელია მის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

ბესელიასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: - ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს