სამტრედიის მე-15 სკოლაში, სადაც მთელი საქართველოდან ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვნები გადაჰყავთ, ამჟამად 6 მოსწავლე სწავლობს

სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში, სადაც ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვნები გადაჰყავთ, ამჟამად 6 მოსწავლე იმყოფება. ყველა მათგანი ბიჭია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2012 წლიდან დღემდე ექსპერტთა ჯგუფმა სულ 44 მიმართვა განიხილა (43 ბიჭი და 1 გოგო), ხოლო რეფერალი 21 არასრულწლოვნის მიმართ განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, გადამისამართებაზე უარი ეთქვა 23 არასრულწლოვანს, მათ შორის ერთ გოგოს.

განათლების უწყების ინფორმაციით, სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში გადამისამართების საკითხები "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით რეგულირდება. მათივე ინფორმაციით, გადამისამართება განსაზღვრული ვადით ხორციელდება, არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, ანტისოციალური ქცევის მქონე იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 12 წელი და ექსპერტთა საბჭოსათვის მიმართვიდან 6 თვის განმავლობაში არ შეუსრულდება 18 წელი.

რაც შეეხება ანტისოციალურ ქცევას, სამინისტროს განმარტებით, ეს არის ქცევა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ფსიქოსოციალურ განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს და სისტემატურად ვლინდება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში, გარდა არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

აღსანიშნავია, რომ გადამისამართება არ განხორციელდება იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და ამ ქმედების ჩადენის მომენტისათვის მიაღწია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს.

არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი იღებს, რომლის შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები და ფსიქოლოგები. სკოლა, მანდატური, არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, უბნის ინსპექტორი, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს მიმართვა არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ.

გადამისამართების საკითხის განხილვამდე სოციალური მუშაკი ექსპერტთა ჯგუფის წევრთა დახმარებით ახორციელებს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას. გადამისამართების საკითხს უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ექსპერტთა ჯგუფი კანონით დადგენილი წესით. ექსპერტთა ჯგუფი არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მისი განხილვისას გამოვლინდა. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგები.

არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას (შუამდგომლობას) ექსპერტთა ჯგუფი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ გადამისამართების სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი არასრულწლოვნის რესოციალიზაციისათვის.

როგორც განათლების უწყებაში განმარტავენ, სკოლა-პანსიონში არასრულწლოვანი იგზავნება მომდევნო სასწავლო სემესტრის დასრულებამდე.

„არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ შუამდგომლობა მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება მის სკოლა-პანსიონში გაგზავნას. ექსპერტთა ჯგუფი სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს: ა) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში; ბ) არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. დღეისათვის სკოლაში 6 მოსწავლე (ბიჭი) ირიცხება და იღებს მათ საჭიროებებზე მორგებულ სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. 2012 წლიდან დღემდე ექსპერტთა ჯგუფმა სულ 44 მიმართვა განიხილა (43 ბიჭი და 1 გოგო), ხოლო რეფერალი განხორციელდა 21 არასრულწლოვნის მიმართ. გადამისამართებაზე უარი ეთქვა 23 არასრულწლოვანს, მათ შორის ერთ გოგოს. გაცნობებთ, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სსიპ ქალაქ სამტრედიის N15 საჯარო სკოლის მოდელის მოდერნიზებაზე“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ სამტრედიის #15 საჯარო სკოლა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში ჩატარებულმა მონიტორინგმა დაწესებულებაში ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით არასათანადო მდგომარეობა გამოავლინა. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სკოლაში არსებული მდგომარეობა ვერ პასუხობს ბენეფიციარის აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსების მიზნებს და არ არის მორგებული ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, განსაკუთრებით კი, არ არის ორიენტირებული ბენეფიციართა რესოციალიზაციაზე“.

თავის მხრივ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ 2020 წლიდან სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლის მოდელის შეცვლა იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა