მამუკა მდინარაძე - ეს არ არის "ქართული ოცნების" რღვევის პროცესი"

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენს "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ შაქარიშვილის წასვლის საკითხი.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში შაქარიშვილის აქტიურობა ამას მიანიშნებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მმართველი პარტიიდან ვახტანგ შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლა მიანიშნებს თუ არა პარტიაში რღვევის პროცესზე, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს პერსპექტიული არ არის.

"თქვენ ძალიან გინდათ, რომ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელიც პარლამენტში იყო და რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა. ჩვენ არაერთი "ფეისბუქ სტატუსი" ვნახეთ ვატო შაქარიშვილის ავტორობით და რამდენიმე თვის წინაც კი, ის უკვე იმაზე მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა "ქართულ ოცნებაში". აქედან, გამომდინარე, აქ ახალი არაფერი არ არის და არც თქვენს მიერ დაანონსებული ამბავი არ არის პერსპექტიული, რომ ეს არ არის "ქართული ოცნების" რღვების პროცესი", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ქვეყანაში ბევრი გამოწვევა და პრობლემაა, რის მოგვარებასაც "ქართული ოცნება"ცდილობს.

"გულწრფელი რომ ვიყო, შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში მართლაც არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის, მწვავე გამოწვევებიც, შეიძლება ასე ითქვას. ამ პრობლემების და გამოწვევების ადეკვატურად, ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ ნაბიჯებზე ვზრუნავთ, ვფიქრობთ. "ქართული ოცნება" ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ გამოწვევების ადეკვატური იყოს, პრობლემის აღმოფხვრაზე და ხალხის გაჭირვებაზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ამის გადაჭრის გზები არ არის პოპულისტური გამონათქვამები, პოპულისტური ნაბიჯები. ამის გადაჭრის გზები არის რეალური საქმე. ჩვენ, მაგალითად, გუშინ სრული ისტერია მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციური ფლანგის შესრულებით, რომელიც არ იყო ადეკვატური იმ საუბრებთან, რაც გუშინ წინ ჩვენი ლიდერის ინტერვიუში იყო. ეს იყო ისტერია, რომელიც მწარე სიმართლით იყო გამოწვეული. პარტიის თავმჯდომარის, ლიდერის მხრიდან შემოთავაზებული იყო არა ლანძღვა-გინება და ისტერია, არამედ საქმეზე ორიენტირება", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა პარტიიდან წასული დეპუტატების განცხადებებს, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ღირებულებების აცდენა მოხდა.

"თუ ღირებულებების აცდენაა ადამიანზე, დემოკრატიაზე, ხალხის გაჭირვებაზე ორიენტირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუ ღირებულებებზე აცდენაა სამჯერ მეტი პროექტების განხორციელება, რომელიც რეალურად ხორციელდება ამ ქვეყანაში, ასევე, თუ ღირებულებებზე აცდენაა სიცრუესთან და პოპულიზმთან დაპირისპირება და რეალურად, ქვეყანაზე ზრუნვა, მაშინ შეგვიძლია ასეც ვთქვათ. მაგრამ,როდესაც ერთ მხარეს გვაქვს რეალური ზრუნვა დემოკრატიასა და ადამიანის გაჭირვებაზე და მის აღმოფხვრაზე, ხოლო მეორე მხარეს გვაქვს პოპულისტური განცხადებები, სიცრუე, მაშინ ვფიქრობ, ღირებულებების აცდენაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი", - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს