გედევან ფოფხაძე - სტრატეგიული ამოცანაა, რომ „კლანს“ არ ჩაუვარდეს სასამართლოს სამივე ინსტანცია ხელში

განვსაზღვროთ ისეთი სამართლებრივი საფუძველი, რომ იუსტიციის საბჭომ არ შემოიტანოს ისევ თავისი წრე და ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმ ადამიანების როლში, რომლებიც ამ წრეში ვეძებთ ვინმე კეთილშობილს და ღირსეულს, ხომ ვიცით რომ ვერ ვიპოვით? გვექნება ასარჩევი ცუდსა და უარესს შორის და ადრე თუ გვიან, ავირჩევთ ცუდს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კანონპროექტს განიხილავენ.

მისივე თქმით, ჩვენ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა თავისი გარემოცვა, მათთვის მისაღები ადამიანები მოახვედრონ უზენაეს სასამართლოში და მოახდინონ სასამართლოს სამივე შტოს კონტროლი.

„თუ ვინმეს ამ მოცემულობის არ სჯერა და უნდა გაექცეს ამას და შექმნას რაღაც ნეიტრალური კანონი, რომელსაც რეალობასთან არაფერი საერთო აქვს, ეს მისი საქმეა, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სტრატეგიული ამოცანაა, „კლანს“ არ ჩაუვარდეს სასამართლოს სამივე ინსტანცია ხელში. ვინც ამას არ აღიარებს, იმის მოტივაცია და არგუმენტაცია ჩემთვის საინტერესო აღარ არის, რადგან მას შეუძლია აბსოლუტურად განყენებული კანონი დაწეროს, რომელსაც რეალობასთან და მიზანთან საერთო არაფერი ექნება. ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში ვაყენებთ საკითხს ასე, ვერ წავართმევთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იუსტიციის საბჭოს, მაგრამ განვსაზღვროთ ისეთი სამართლებრივი საფუძველი ამ წარდგინების, რომ იუსტიციის საბჭომ არ შემოიტანოს ისევ თავისი წრე და ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმ ადამიანების როლში, რომლებიც ამ წრეში ვეძებთ ვინმე კეთილშობილს და ღირსეულს, ხომ ვიცით, რომ ვერ ვიპოვით. გვექნება ასარჩევი ცუდსა და უარესს შორის და ადრე თუ გვიან ავირჩევთ ცუდს“,- განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. პარლამენტისთვის შეთავაზებული კანონპროექტით გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატისათვის სპეციალობის კუთხით არანაკლებ 10- წლიანი შრომითი სტაჟი. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუციით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატისათვის სპეციალობის კუთხით მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი სტაჟია დაწესებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა