წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებული ადამიანების მოძიებისათვის ძალისხმევა ძლიერდება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) თავმჯდომარეობით, 8 აპრილს საკოორდინაციო მექანიზმის მე-13 შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენაა.

„მექანიზმის ქართველი და აფხაზი მონაწილეები სტამბულში ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ. მათ მიმოიხილეს 2018 წლის დეკემბრის შეხვედრის შემდეგ მიმდინარე პროცესები, კონკრეტულად, ადგილობრივი კადრების შესაძლებლობების განვითარების საკითხი, რაც გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების უფრო ეფექტურ გადაჭრასა და მათი ოჯახების საჭიროებების გამოვლენას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე, ასევე, 2019 წლის გეგმები განიხილეს.

მექანიზმის შექმნის შემდეგ (2010 წ.), მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახებისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ნეშტების მოძიების მიმართულებით: სულ მოძიებულია 431 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან ჯერჯერობით ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა 163, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს,“ - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროგრამის კოორდინატორი ლინა მილნერი აღნიშნავს, რომ წელს 30-ზე მეტ სავარაუდო სამარხს შეისწავლიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2200-ზე მეტი ადამიანი ჯერაც გაუჩინარებულია, აუცილებელია მუშაობის დაჩქარება. დასახული გეგმის ფარგლებში, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ წელს 30-ზე მეტ სავარაუდო სამარხს შეისწავლიან და ადრე მოძიებული, მაგრამ დღემდე ამოუცნობი ნეშტების იდენტიფიცირებისთვის ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებენ“, - აღნიშნა ლინა მილნერმა რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და მათი ოჯახების საკითხებზე მუშაობს.

„წჯსკ თავისი ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მანდატის შესაბამისად, საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრებს თავმჯდომარეობს. მექანიზმის მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ საფუძველს ემყარება და ფუნქციონირებს იმისათვის, რომ ოჯახებმა პასუხი მიიღონ გაუჩინარებული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ,“ - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო