ირინე ფრუიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირინე ფრუიძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ეროვნული პარლამენტების როლზე და ამ კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. ირინე ფრუიძის განცხადებით, აღსანიშნია, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიარა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის როლის მნიშვნელობა.

„დღეს წარმოდგენილმა ორივე ანგარიშმა დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესში პარლამენტის როლი. თუმცა, ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის საბჭოს მხოლოდ რამდენიმე წევრი სახელმწიფოს პარლამენტმა აღიარა ეს საჭიროება და კიდევ უფრო ცოტაა იმათი რიცხვი, ვინც შესაბამისი ზომების მიღება დაიწყო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიარა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის როლის მნიშვნელობა - ჯერ კიდევ გასულ წელს მოახდინა თვითშეფასება და დაიწყო გრძელვადიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისა და მონიტორინგის მიზნით“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

მისივე თქმით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პარლამენტში ამ პროცესის ინსტიტუციონალიზაციას მოახდენს.

„ჩვენია ამოცანაა უზრუნველვყოთ შემდეგი მიზნების განხორციელება: საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესი ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, საბიუჯეტო პროცესი ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საჭიროებებს; საქართველოს პარლამენტი ეფექტიან ზედამხედველობას უწევს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოს მთავრობის მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესი ღია და ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისათვის“, - განაცხადა დეპუტატმა.

ირინე ფრუიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გარდა ამისა, გადაიდგა რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი, კერძოდ, პარლამენტის კომიტეტებს დაევალათ, რომ მათ სამოქმედო გეგმაში დაამატონ სექცია, რომელიც მათი აქტივობების მდგრადი განვითარების მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობას განაპირობებს, რაც ეროვნული პოლიტიკისა და გლობალური დღის წესრიგის მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. ეს კი ხელს უწყობს ამ პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ცნობადობის ამაღლებას. ასევე, არაერთმა კომიტეტმა სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეაფასოს შესაბამისი სამინისტროების ანგარიშები, რათა განისაზღვროს ის პროგრესი, რაც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით იქნება მიღწეული.

„უნდა გვახსოვდეს, რომ პარლამენტებს ესაჭიროებათ ეფექტური შიდა კოორდინაციის მექანიზმების განვითარება. ასევე, აუცილებელია პარლამენტის წევრების ცნობადობის ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნების კუთხით. ამავდროულად, იმისათვის, რომ პროცესს არავინ გამოაკლდეს, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს მისი მაქსიმალური ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული, უნდა მოხდეს ძალების გაერთიანება, თანამშრომლობა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება.

„საერთაშორისო თანამშრომლობა გადამწყვეტია ამ პროცესის საბოლოო წარმატებისთვის. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში შენარჩუნება“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო