ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში რიგით მე-3 საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში („სემეკ“) საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-3 პროექტი დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ ხორციელდება, დაეხმარება საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სემეკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ პროექტის მიზანია „სემეკის“ შესაძლებლობების გაძლიერება მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი რეგულირების სტრატეგიის შემუშავების კუთხით. პროექტი 21- თვიან პერიოდს მოიცავს. მისი ბიუჯეტი 1 200 000 ევროს შეადგენს და ითვალისწინებს ავსტრიელი, ფრანგი და ბერძენი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან.

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის. მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვა ხელს შეუწყობს ბაზრის თანამედროვე სტანდარტებით ფორმირებას.

„სემეკში“ დაიწყო რიგით მესამე საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი და მისასალმებელია, რომ ევროკავშირის დახმარებით, გრძელდება ჩვენსა და სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ კომისიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. დღემდე განხორციელებული დაძმობილების პროექტების ფარგლებში შემუშავდა არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია და გაზიარებულ იქნა ევროპის საუკეთესო გამოცდილებები. „თვინინგის“ რიგით მესამე პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი ენერგეტიკის სექტორში და შევიმუშავოთ ჭკვიანი აღრიცხვის მარეგულირებელი სტრატეგია“, - აღნიშნა მილორავამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების შედეგად, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით არსებული ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ვალდებულება.

„ევროკავშირის მიზანია საბოლოო მომხმარებელთა ცოდნისა და როლის გაძლიერება, მათი გააქტიურება და ჩამოყალიბება პროაქტიურ მომხმარებლებად, რომელთაც შესწევთ უნარი, გარდაქმნან ენერგეტიკული ბაზარი, საკუთარი ჩართულობისა და პრაქტიკული ქმედებების მეშვეობით“, - განაცხადა ჰარცელმა.

„სემეკის“ ცნობით, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის პრეზენტაციისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტები წარმოადგენენ საქართველოსათვის ევროპულ ფასეულობებთან დაახლოების საშუალებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეგულირების განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ენერგიის მიწოდების ხარისხი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმთავრეს ელემენტს და რომ ჭკვიანი აღრიცხვა ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ენერგეტიკული მოთხოვნილებების უკეთ დაგეგმვას.

„მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ პროექტის ლიდერის, სემეკის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი საქართველოს დაეხმარება ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ლიბერალიზაციის პროცესში, არსებული რეგულაციების დახვეწაში.

„პროექტის ლიდერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, დიტმარ პრაინსტორფერმა და პროექტის უმცროსმა ლიდერებმა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მიქაელ მასტიემ და ჯორჯ პაიდაკაკისმა დადებითად შეაფასეს პროექტის დაწყება და „სემეკთან“ სამომავლო თანამშრომლობა.

ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეას აიგენბაუერმა მიმოიხილა ევროკავშირის ახალი რეგულაცია და მისი დადებითი შედეგები მომხმარებლებისათვის. საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა, ჟან-ლორან ლასტელმა ხაზი გაუსვა ჭკვიანი აღრიცხვის მნიშვნელობას ენერგოეფექტურობის მიზნების მიღწევისათვის, ხოლო საბერძნეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა, აპოსტოლოს გოციასმა ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრების ფორმირებაში ეროვნული მარეგულირებელი უწყებების როლის შესახებ“, - აღნიშნულია „სემეკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა