„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ასეთ შემთხვევებზე კი ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარადგინა.

კვლევის თანახმად, საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.

კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

„ამავე დროს, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 59 % ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ხოლო 36 % ფიქრობს, რომ გავრცელებულია იგივე ქმედება პირადი მიზნების მისაღწევად. მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ქმედებები გავრცელებული არ არის, შესაბამისად 21%-ს და 15%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება (91%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (86%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (79%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (58%).

გამოკითხულთა უმრავლესობა (52%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეაგირებას კორუფციის შემთხვევებზე, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 31% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ასეთ პირებს ამხელს.

„ამ ორი კითხვის კონტექსტში რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ. ის რესპონდენტები, ვისაც ოთარ ფარცხალაძის შესახებ სმენია, მეტწილად იზიარებენ იმ მოსაზრებებს, რომ ის კორუფციულ გარიგებებშია ჩართული, სარგებლობს ხელისუფლების მფარველობით და ინარჩუნებს გავლენას პროკურატურაზე.​​​​​​​

საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით კი, გამოკითხულთა აზრით, პროფესიონალიზმი კვლავაც არ წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარ კრიტერიუმს. რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი (31%) საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად ნაცნობობას მიიჩნევს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა