ლიფტის შახტაში მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გულგრილობისთვის ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ“ ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გულგრილობისთვის, რასაც მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა, ბრალდებული კ.ა. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს „ვერტიკალი 777“-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კ.ა.-მ ლიფტის სწორი ექსპლუატაციის, ტექნიკური დათვალიერებისა და უსაფრთხოების კვანძების შემოწმებაზე 2016 წლის 1 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობა „საბურთალო 82“-ის თავმჯდომარესთან. კ.ა. პასუხისმგებელი იყო რა ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები - მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ შეამოწმა და არ შეაკეთა კორპუსის მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე ლიფტის შახტის გარღვეული ლითონის მავთულბადე, რასაც 2017 წლის 24 მარტს მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა. ბავშვმა გარღვეული ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის ღიობში თავი შეყო, რა დროსაც მოძრავი ლიფტის საპირწონე მოხვდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

კ.ა.-ს ბრალდება 2018 წლის 28 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა (ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა