ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩვენი საქმე განუხილველი დატოვა, რაც არის საეჭვო, უცნაური და არათანმიმდევრული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქმის განუხილველად დატოვების საფუძვლები არსებობს, ამას ზოგადად სასამართლო სხდომამდე აკეთებს მოსამართლე, გუშინ კი მეხუთე სხდომა ჩატარდა.

„ყველაზე გამონაკლის შემთხვევაში, პირველივე სხდომაზე ხდება საქმის განუხილველად დატოვება. ჩვენს შემთხვევაში გუშინ ეს მეხუთე სხდომაზე გაკეთდა, რაც ძალიან საეჭვოს ხდის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ზოგადად, წინა სასამართლოს სხდომასა და გუშინდელს შორის, საქმიანობაში ჩარევის ნიშნებიც იკვეთება. გამიჭირდება იმის თქმა, ვისი მხრიდან, თუმცა ფაქტია, რომ სასამართლომ თავისი პოზიცია რადიკალურად შეცვალა წინა და გუშინდელ სხდომებს შორის“, - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გუშინდელი განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავს.

„პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩვენი მხარისა და მოსამართლე მაია გიგაურის აზრები გაიყო. მან თავდაპირველად ერთხელ უკვე გვითხრა განხილვაზე უარი და ჩვენ ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. მაშინ სააპელაციო სასამართლომ გვითხრა, რომ მართალი ჩვენ ვიყავით და ქალბატონ მაია გიგაურს ეშლებოდა და დაავალა ეს საქმე განეხილა. თუმცა როგორც ხედავთ, ის არ ემორჩილება თავისი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და კვლავ უარს გვეუბნება საქმის განხილვაზე. რა თქმა უნდა, კვლავ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იმიტომ, რომ სხვა ბერკეტი არ გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოუწევს, ან მხარი დაუჭიროს თავის მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებას, ან უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ორივეს ნონსენსამდე მივყავართ. თუ მოხდება ისე, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაკმაყოფილდება, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ კვლავ დაბრუნდეს პირველ ინსტანციაში და მერე ალბათ ისევ ექნება ქალბატონ მაია გიგაურს შესაძლებლობა, რომ კვლავ განუხილველად დატოვოს. ასე წინ და უკან ინსტანციებში როდემდე უნდა ვიაროთ, გაურკვეველია.

ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ჩვენ ხელს არ აგვაღებინებს ჩვენი დავისგან. ჩვენი სახელის უფლება დაირღვა და ასეა თუ ისეა, სასამართლოს მოუწევს, განიხილოს და გადაწყვიტოს, არის თუ არა სახელის უფლების დარღვევა“, - განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდეს.

„თუ მოხდება ისე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის მის მიერ 2018 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს იქნება იმისი წინაპირობა, რომ ჩვენ მხარეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე გვეთქვა უარი, რაც გზას გვიხსნის იმისკენ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად მივმართოთ,"- განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

მისივე განცხადებით, გუშინდელი შედეგი არც ერთი მხარის გამარჯვება არ ყოფილა.

„გუშინდელი შედეგის მონათვლა რომელიმე მხარის გამარჯვებად ან რომელიმე მხარის დამარცხებად ან ძალიან დიდი არაკვალიფიციურობაა, ან უბრალოდ კამერების წინ კეკლუცობაა, რომ თავი გამარჯვებულ მხარედ წარმოადგინონ. გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავდა იმას, რომ ბრძოლა არ შედგა. ბრძოლა იმ მხარეს არ აწყობს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ვერ მოიგებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, სარჩელი სასამართლომ განუხილველად დატოვა და მოსარჩელეს უკან დაუბრუნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს