ლევან ნატროშვილი - მნიშვნელოვანია, ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების დაკავების საქმეზე გამოძიება ისე წარიმართოს, რომ კითხვები არ დარჩეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დაკავების ფაქტზე მნიშვნელოვანია გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და ისეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც არ დატოვებს კითხვებს, რომ ვიღაცას პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

მისი თქმით, ეს შემთხვევა უპრეცედენტო არ არის და ხშირად ხდება. ამიტომ, როგორც ნატროშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კვლევებში განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ სამართალდამცავი უწყებები, რათა ხელოვნურად არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესების დაძაბვა და ამით ჩრდილი არ მიადგეს არჩევნების შედეგებსა და საარჩევნო პროცესს.

„სამწუხაროა, რომ თითქმის ყოველ არჩევნებზე გარკვეული ინციდენტი ხდება, განსაკუთრებით კი სამეგრელოს რეგიონში. ამ მხრივ გამონაკლისი ეს არჩევნებიც არ აღმოჩნდა. როგორც სხვა, ასევე ამ შემთხვევაში რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი, რადგან ინციდენტის აღწერისას სხვადასხვა მხარე სხვადასხა ვერსიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შემთხვევები მაქსიმალურად იქნას გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მხრიდან ისე, რომ პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით არ გაჩნდეს კითხვები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კანდიდატს ზოგადად, პოლიციამ ხელი არ შეუშალოს საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიებიც და კანდიდატებიც უფრო მეტად მობილიზებულები და ფრთხილები უნდა იყვნენ იმისთვის, რომ გარკვეულ შემთხვევებში გარკვეული ტიპის სიტუაციის გამწვავება არ მოხდეს, ძალადობის პროვოცირება და ა.შ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ იყო მტყუანი და ვინ იყო მართალი, რთული დასადგენია, ვინაიდან არ არსებობს კონკრეტული ვიდეომტკიცებულება და ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციები ვიცით. გუშინდელთან დაკავშირებით მხოლოდ დაკავების ვიდეოარსებობს, იქამდე რა ხდებოდა, არ ვიცით. კონკრეტულ ვიდეოკადრებში არ ჩანს, რა იყო დაკავების მიზეზი და სხვადასხვა ვერსიას ამბობენ, როგორც პოლიციის, ისე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გამოძიება იყოს ობიექტური“, - განაცხადა ნატროშვილმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს, მოგვიანებით პატარაია და წითლიძე გაათავისუფლეს, ჩხეტიას კი ბრალი წარედგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა