მარნეულში მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი - მარნეულიდან დავიწყებთ ოლიგარქის დამარცხებას

2019 წლის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მარნეულში არანაირი შანსი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე მისულმა "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მარნეულში ახმედ იმამკულიევმა განუცხადა. როგორც ის აცხადებს, მარნეულის მოსახლეობაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ახლაც მიმდინარეობს.

"2014 წლიდან დაწყებული ბრძოლა მარნეულში დღემდე გრძელდება, მთელმა საქართველომ დაინახა, რომ 2014 წელს გვებრძოდნენ ჩვენ და დღესაც გვებრძვიან. ამის მიუხედავად, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ოლიგარქის წინააღმდეგ. 2014 წელს მოსახლეობას ერთხელ უკვე დავპირდი, რომ აუცილებლად მარნეულიდან დავიწყებთ ოლიგარქის დამარცხებას და ეს იქნება 2019 წლის მაისიდან. მარნეულში არანაირი შანსი არ აქვს "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში მოიგოს, ან უკანონობა გააკეთოს, ამის საშუალებას არავის მივცემთ. სამწუხაროდ, დარღვევები არის, მოსახლეობაზე ზეწოლა დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ხმები დავიცვათ და ოლოგარქი დავამარცხოთ", - განაცხადა იმამკულიევმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ე.წ. მარნეულის ეპიზოდს შეეხება, პროცესი მიმდინარეობს, სადაც გოკა გაბაშვილი იკითხება. საქმე შეეხება 2014 წლის 5 ივნისს, მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც უგულავას იძულებასა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან.

ცნობისთვის, 2014 წელს, "ნაციონალური მოძრაობიდან" მარნეულში კენჭს ახმედ იმამკულიევი იყრიდა. მისი კანდიდატურის საარჩევნო სიიდან მოხსნის გასაპროტესტებლად მარნეულში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. სწორედ აღნიშნულ აქციაზე ედავებიან გიგი უგულავას იძულებას და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა