მიხეილ ბატიაშვილი - მზად ვართ, ქართული საგალობლების აღდგენის მიზნით, უცხოელი ქართველოლოგების, მუსიკათმცოდნეებისა და მეცნიერების მონაწილეობით კონსორციუმი შევქმნათ

გამოვხატავთ მზაობას, შევქმნათ საერთაშორისო კონსორციუმი უცხოელი ქართველოლოგების, მუსიკათმცოდნეებისა და მეცნიერების მონაწილეობით, რათა ქართული საგალობლები აღვადგინოთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მუსიკის მცოდნეები, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„მიქაელ მოდრეკილის ხელნაწერი უნიკალურია როგორც შედგენილობის, ასევე მხატვრული შემკულობის თვალსაზრისით. კრებულის განსაკუთრებულ ღირსებას ისიც წარმოადგენს, რომ მისი ბერძნული მოდელი, რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში მეცხრე-მეათე საუკუნეებამდე, დღეისთვის დაკარგულია. შესაბამისად, ბერძნული იადგარის შედგენილობაზე მსჯელობა მხოლოდ ქართული კრებულის გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას – მიქაელ მოდრეკილის იადგარი ევროპული კულტურის ნაწილსა და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. გამოვხატავთ მზაობას, შევქმნათ საერთაშორისო კონსორციუმი, რომელშიც უცხოელი ქართველოლოგები, მუსიკათმცოდნეები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები ჩაერთვებიან. ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე მეცნიერული კვლევები ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სიღმისეულად შევისწავლოთ უნიკალური ქართული სამუსიკო სისტემის ძირითადი პრინციპები და ქართული საგალობლები X საუკუნის ორიგინალთან მიახლოებული სახით აღვადგინოთ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბატიაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ქართული საგალობლების კვლევის მეთოდები უნდა გახდეს მაგალითი საერთაშორისო დონეზე, რადგან ნევმების სისტემა ბიზანტიური ეპოქის მკვლევრებისთვისაც კი დღემდე გამოცანად რჩება.

მინისტრის აზრით, ჩვენი ვალდებულებაა ქართული მრავალხმიანობის მუსიკალური ენა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა, საუკუნეების განმავლობაში ზეპირი გადმოცემით ჩვენამდე მოიტანეს, უნაკლოდ და უწყვეტად დავიცვათ და მომავალ თაობებს გადავცეთ.

აღსანიშნავია, რომ ნევმების სისტემით დაინტერესებული ანჩისხატის გუნდის წევრები, მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი ქართულ გალობას ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად სწავლობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ზაალ წერეთელმა 6 წლის განმავლობაში იკვლია X საუკუნის ქართულ ხელნაწერებში, ნევმირებულ ძლისპირებსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცული ნევმური სისტემა. მკვლევარმა ნევმურ და თანამედროვე სანოტო სისტემით ჩაწერილ საგალობლებს შორის კავშირი აღმოაჩინა. ეს კავშირი ქართული გალობის უწყვეტი ტრადიციის მანიშნებელია, რომელიც X საუკუნიდან დღემდე არსებობს.

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა