გიორგი ქობულია ქვემო ქართლში მეწარმეებს ხვდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბოლნისში იმყოფება, სადაც ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს პროფესიული გადამზადების პროგრამას და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს აცნობს. შეხვედრას ასევე ესწრებიან მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გააჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთი საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას, რომლითაც სახელმწიფო ბიზნესს დაეხმარება სესხის აღებისთვის საჭირო უზრუნველყოფაში და დაუდგება თავდებში.

ადგილობრივმა მეწარმეებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს.

უწყების ცნობით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 ლარს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.

გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე ასევე ვრცლად ილაპარაკა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულ მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანის პროფესიულ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. მინისტრის შეფასებით, ეს პროგრამა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, დაეხმარება კონკრეტულ ადამიანებს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამის სამსახურში დასაქმებასა და უფრო მაღალი შემოსავლის მიღებაში. გადამზადების პროგრამა განსაკუთრებულად გათვლილია სწორედ საქართველოს რეგიონებზე, რომ იქ გაჩნდეს უფრო მაღალი მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე და შეიქმნას ამ მოთხოვნის სწრაფი დაკმაყოფილების შესაძლებლობები. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლება უნდა გახდეს საქართველოში კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო