გიორგი ქობულია - ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ განვითარების დიდ პოტენციალს

პროფესიული გადამზადების პროგრამა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი იყო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბოლნისში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთა განვითარებაც, მისი შეფასებით, პრიორიტეტულია ქვემო ქართლის რეგიონისთვის. ამ ჩამონათვალში მინისტრმა გამოყო სამი მთავარი მიმართულება - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

„მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ რეგიონის უკეთესი განვითარებისთვის, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ამ სექტორებში, ასევე ვხედავთ გამოწვევებსაც. ვგეგმავთ, რომ რეგიონში ჩამოვიყვანოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ, მცირე და საშუალო ბიზნესს კონსულტაციას გაუწევენ კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების კუთხით“, - განაცხადა ქობულიამ.

მინისტრის თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, არის ტურიზმი.

„სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც ამ სექტორში განახორციელებენ ინვესტიციებს და გახსნიან ახალ სასტუმროებს. გარდა ამისა, აშენდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ბოლნისში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა