„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აჭარის ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობას უცხადებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, EMC-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტელევიზიაში არსებული მდგომარეობა რთულ პოლიტიკურ და მძიმე წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება. ორგანიზაცია, მრჩეველთა საბჭოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს.

"EMC - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზია ბოლო წლებში გამორჩეულ მედიასივრცედ იქცა, რომელიც ახერხებს სოციალური ჯგუფების რეალური საჭიროებების, უკმაყოფილების და ინტერესების ჩვენებას და არის თავისუფალი პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან. მან შექმნა თავისუფალი, ეთიკური და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მედიის მნიშვნელოვანი გამოცდილება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წლების განმავლობაში შექმნილი უნდობლობის ფონზე, რაც ხელისუფლების მხრიდან ამ მედიაპლატფორმის კონტროლის პრაქტიკის და პოლიტიზირების შედეგი იყო, აჭარის ტელევიზიამ ბოლო წლებში, მოახერხა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ ნდობის და ინტერესის გაჩენა. სამწუხაროა, რომ დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი (რომლებიც „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არიან წარდგენილები) ითხოვს და არსებობს რისკი, რომ მისი დირექტორის ნათია კაპანაძის გადაყენების საკითხი დადგეს. ჩვენთვის გაუგებარია, რა არის მრჩეველთა საბჭოს ნაწილის ინიციატივის მიზანი და ჩნდება მაღალი ეჭვი, რომ ეს ინიციატივა არსებულ რთულ პოლიტიკურ რეალობას, მძიმე წინასაარჩევნო კონტექსტს და ამ პირობებში ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის რევიზიის ინტერესს უკავშირდება. EMC სრულ სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზიას და მის მენეჯმენტს და მოუწოდებს მრჩეველთა საბჭოს დაიკავოს სამართლიანი და ობიექტური პოზიციები ამ პროცესში და საკუთარი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ჯეროვნად გაიაზროს",- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა