ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი ომალოს, ყვარელწყალსა და დუისს ესტუმრნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეხვედრები პანკისის ხეობის სოფლებში გრძელდება. ამჯერად ისინი სოფელ ომალოს, ყვარელწყალსა და დუისს ესტუმრნენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ომალოში ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი მოსახლეობას მათ საჭიროებებზე სასაუბროდ შეხვდნენ. ადგილობრივებმა სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობაზე, ხეობაში სასწრაფო დახმარების მანქანის დანიშვნასა და სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ომალოდან მინისტრებმა სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც პანკისის უხუცესებთან გამართეს შეხვედრა. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მათ უხუცესებთან ისაუბრეს, პანკისისა და თუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი არ შეჩერებულა.

ბოლო შეხვედრა კი, სოფელ დუისში ქალთა საბჭოსთან გაიმართა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, შეხვედრები ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

“მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შევხვდით. ერთ-ერთი შეხვედრა ქალთა საბჭოსთან, პედაგოგებთან გაიმართა. მათ შორის ახალგაზრდა ქალბატონებთან, რომელთაც ახლახან გაიარეს სპეციალური პროგრამა ბიზნესის წარმოებაში. ჩვენ ეს პროგრამა გაეროსთან ერთად განვახორციელეთ. 14 პირიდან ათმა უკვე მცირე გრანტი აიღო და საკუთარ წარმოებას იწყებენ. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.

ეს მხოლოდ ერთი ფრაგმენტია იმ პროგრამიდან, რომელიც პანკისის განვითარებისათვის გვაქვს. დღეს მოსახლეობასთან სწორედ გეგმებს, ხედვებს, პრობლემებსა და გამოწვევებს განვიხილავდით, რომლებიც მათ აქვთ. ძალიან მიხარია, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფმა ისიც აღნიშნა, რაც უკვე გაკეთდა, რადგან ჩვენ მათთან ერთად, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობითა და ჩართულობით ვცდილობთ ამ ხეობამ სრულად გამოიყენოს ის მაღალი პოტენციალი, რომელიც აქვს ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული თუ კულტურული თვალსაზრისით. ეს ხეობა არ არის მხოლოდ ლანდშაფტი. ესაა კულტურა, ხალხი, იდენტობა და ტრადიციები, რომელსაც იგი ატარებს ქისტური და ქართული ურთიერთობების თვალსაზრისით.

მგონია, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრები იყო. თქვენ იცით, რომ მათში ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მონაწილეობდა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საკითხი უშუალოდ ინფრასტრუქტურას და ამ მიმართულებით გასაწევ სამუშაოებს ეხებოდა. მოსახლეობა, როგორც ყოველთვის, ძალიან აქტიური იყო. მიხარია, რომ აქ ვიზიტის შესაძლებლობა მაქვს და ბუნებრივია, ამ რეგიონში მუშაობას მომავალშიც ინტენსიურად გავაგრძელებთ. მითუფრო, მოგეხსენებათ, განვითარების სპეციალური გეგმა გვაქვს და ამ გეგმის შემდგომ გადამუშავებაში მოსახლეობა უშუალოდაა ჩართული“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღესვე მინისტრები პანკისელ ახალგაზრდებსა და სოფელ მატანის მოსახლეობასაც შეხვდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა