ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2019

დავით დარჩიაშვილი - “2020-ში არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნება”

სოსო ცინცაძე: “ივანიშვილი ნაციონალებს ზუგდიდს არ დაუთმობს, ალასანიას წაგება დღემდე არ აპატია”

* * *

დავით დარჩიაშვილი - “2020-ში არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნება”

“ქართულ ოცნებას” როცა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაეშალა მაშინ გვითხრეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფერში გვჭირდება, კონსტიტუცია მიღებული გვაქვსო. ახლა კიდევ რამდენიმე დეპუტატი რომ დატოვებს “ოცნებას”, რას მოიფიქრებენ და რას ეტყვიან საზოგადოებას?! დღეს მმართველ პოლიტიკურ ძალას სერიოზული პრობლემები აქვს. “ქართული ოცნება” კრიზისშია და ეს კრიზისი მისი კრახით დასრულდება. ეს არის გარდაუვალი, პროცესი უკვე დაწყებულია”, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით დარჩიაშვილი” “2020-ში არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნება”.

“აშკარაა და ჩვენი თვალით ვხედავთ, რომ გუნდი შიგნიდან ირღვევა. კი გვეუბნებიან, დამშვიდდით, არანაირი პრობლემა არ არის, მიდის ის ხალხი ვინც ჩვენნაირად არ ფიქრობს, ვისაც განსხვავებული აზრები აქვსო, მაგრამ მე კარგად ვიცი, როგორ მთავრდება ხოლმე ეს პროცესი. საერთოდ პრობლემად არ განვიხილავ იმას, თუ რა პროცესებია “ქართულ ოცნებაში”, ეს მისი კრიზისია და ის კრახით დასრულდება. პრობლემას სულ სხვა რამეში ვხედავ. პრობლემა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულიად არაადეკვატურია. ის ვერ გრძნობს რეალობას. ვითარება უფრო რთულად არის, ვიდრე აქამდე მეგონა - ამაში ივანიშვილის ბოლო ინტერვიუმ დამარწმუნა. ეს კაცი საერთოდ რეალობას არის მოწყვეტილი. შეიძლება ადამიანი რეალობას საერთოდ მოწყვეტილი იყოს და ეს არავის პრობლემა არ იყოს გარდა იმ ერთი ადამიანისა, მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყნის ფაქტობრივ მმართველზე, ეს არათუ პრობლემაა, სახიფათოც კი არის. ის ფიქრობს, ომ ხალხს კიდევ მოისყიდის და კიდევ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. იმაზე არ ფიქრობს, რომ სულ ასე ვერ იქნება და ეს ძალიან საშიშ ფაზაში გადავა. საერთოდ არ ფიქრობს ამაზე, მე ეს მაღელვებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.

“ის პრობლემას საზოგადოებაში ხედავს. რამდენ ხანს შეძლებს ივანიშვილი ფულით ძალაუფლების შენარჩუნებას?! ის ფიქრობს, რომ ფულით ყველაფერს იყიდის, მაგრამ ისტორიული გამოცდილება სულ სხვას ამბობს - არა მხოლოდ საქართველოს გამოცდილება, მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ... ამას იმიტომ ვამბობ, რომ საშიშ ფაზაში გადავდივართ. ასეთ დროს ამ ტიპის მმართველები გადადიან არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, არჩევნების საერთოდ გაუქმებაზე. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ 600 000 ადამიანისთვის ვალების განულება რომ ძალიან უარყოფითად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და ამაზე პრემიერსაც კი უსაყვედურეს ევროსაბჭოში, ეს ივანიშვილს დიდად არ აშფოთებს. არადა, ძალიანაც უნდა აშფოთებდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“2020 წლის არჩევნების მოგება ივანიშვილს გაუჭირდება - მე “ოცნებაზე” აღარ ვსაუბრობ, თუ არჩევნები საერთოდ არ გააუქმა, გაუჭირდება. ოპოზიცია მზად არის 1 მილიონი ადამიანის ხელმოწერა მიიტანოს და მიიტანს კიდეც, რათა არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. დიახ, ხელისუფლება ჯიუტად ამბობს, რომ არ შეცვლის, რადგან იციან, რომ ძალიან გაუჭირდებათ და მაჟორიტარები უნდა დაიხმარონ, მაგრამ მე მათ ვეუბნები, რომ ვერც მაჟორიტარები უშველით”, - დასძენს დავით დარჩიაშვილი და შეკითხვაზე - “კოალიციური მთავრობა რამდენადაა მოსალოდნელი?” - პასუხობს;

“თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, კოალიციური მთავრობა გარდაუვალი იქნება. თუ ივანიშვილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წავა, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საზოგადოების განწყობის წინააღმდეგ იქნება გადადგმული პირადად მას და მთლიანად ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება. ეს პოლიტიკის კანონზომიერებაა. თუ არჩევნებს ფორმალური სახე ექნება, მაშინ უკვე არჩევნებზე აღარ იქნება საუბარი. მაშინ უკვე ხელისუფლება სხვანაირად დაამთავრებს თავის არსებობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე არჩევნების წაგების შემთხვევაში არის ხოლმე - სწორედ ამაზე უნდა იფიქროს ივანიშვილმა.

სოსო ცინცაძე: “ივანიშვილი ნაციონალებს ზუგდიდს არ დაუთმობს, ალასანიას წაგება დღემდე არ აპატია”

“ოცნება” ზუგდიდს არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. ივანიშვილმა ძლივს მოინელა და საბოლოოდ არ აპატია ირაკლი ალასანიას ზუგდიდში მაჟორიტარობის წაგება 2012 წელს. ახლა, რასაკვირველია, ნაციონალებს ზუგდიდს არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს. უკვე გამოკვეთილია ის, რომ არჩევნები ახალ არქიტექტონიკაში გადადის. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: სწორედ ის მეთოდები, რაც მეორე ტურში იყო აპრობირებული, ის იქნება გამოყენებული შუალედურ არჩევნებზეც და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, ცხადია, რომ ასე იქნება. თუმცა არ ველოდი, რომ ასე უხეშად იქნებოდა ეს ცემა-ტყეპის თემა და ა.შ. ამას ნამდვილად არ ველოდი”, აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: “ივანიშვილი ნაციონალებს ზუგდიდს არ დაუთმობს, ალასანიას წაგება დღემდე არ აპატია” / ვითარების შესაცვლელად ერთადერთი ბერკეტი ოპოზიციის გაერთიანებაა”.

“ქართული ოცნება” პრაგმატიზმის” გზით გეგმავს წასვლას - ხომ ეს გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა?! რასაკვირველია, ხანგრძლივ გათვლებში არ უღირს, მაგრამ დღევანდელი დღისთვის, როგორც ჩანს, უღირს. გარდა ამისა ვხედავთ, ვინ ჰყავს ივანიშვილს მრჩევლებად. გვახსოვს, თავიდან რამდენიმე ნორმალური პიროვნება ჰყავდა - უნივერსიტეტის პროფესორები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები. ახლა ეგენი აღარ არიან, მოიშორა. ვინ არიან, ხომ ვხედავთ?! ვინც ჩანან... იგივე შალვა რამიშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი, კოკა ყანდიაშვილი... ხანგრძლივი სტრატეგია “ოცნებას” აღარ აინტერესებს, მთავარის დღეს რა ხდება - არჩევნებიდან არჩევნებამდე. სწორიც არის - ესაა უხეში პრაგმატიზმი, რომ 2-3 თვეში ყველაფერს ივიწყებს - დაწყებული ევროპიდან, დამთავრებული ჩვენი ელექტორატით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე და შეკითხვაზე - “რა ბერკეტები არსებობს ამ რეალობის შესაცვლელად?” - პასუხობს:

“ბერკეტები არსებობს. ეს არის ოპოზიციის გაერთიანება. აი, მაგალითად, როგორც თურქეთში გაერთიანდა, აი ისე. დღეს თურქეთის 49%-ს მართავს ოპოზიცია, ერდოღანი სასამართლოებში დარბის, რომ როგორმე სტამბოლის მერის თანამდებობა გამოგლიჯოს, თუმცა ეს არჩევნები წაგებული აქვს. აი, ეს არის გაერთიანება და არა ის, რომ მე ამასთან არ დავჯდები და მე იმასთან არ დავჯდები”.

“ივანიშვილი სამეგრელოს არავითარ შემთხვევაში არ დათმობს - არაპრინციპული იყო გახდებოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი, მაგრამ ხომ ნახეთ, რა მოხდა მეორე ტურში?! ძველი ბიჭები, ქურდები, გაყალბებები, საქმეები აღძრულია პროკურატურაში, არსებობს ვიდეოკადრებიც - ჩანს როგორ ყრიან ბიულეტენებს და მიმდინარეობს ძიება... ოქტომბრის მერე რამდენი დრო გავიდა უკვე, რად უნდა ამას 6-თვიანი ძიება, როდესაც შენ ვიდეოში უყურებ, როგორ აყალბებენ არჩევნებს?! გავა კიდევ 2-3 თვე და ვერც გავიგებთ, რა შედეგით დამთავრდა ეს - ეს იქნება და მეტი არაფერი”, - დაასკვნის რესპონდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა