გიორგი ცუცქირიძე - კომპანია „S&P“-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება მიმდინარე რეფორმების შეუქცევად ხასიათს ადასტურებს

ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება მიმდინარე რეფორმების წარმატებულ და შეუქცევად ხასიათს ადასტურებს, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ ქვეყნის პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს, რამდენადაც ამით სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკას შესაძლებლობა აქვს სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებსა და პროგნოზებსაც კი გადააჭარბოს.

„მიმაჩნია, რომ სარეიტინგო კომპანია „S&P“ მიერ გაკეთებული პოზიტიური შეფასება არ არის შემთხვევითი. იგი თანხვედრია მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებისა, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მხრიდან ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ზრდა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არის პირდაპირი სიგნალი საერთაშორისო ბიზნეს–საზოგადოებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო რეგიონში სტაბილური და ლიდერი ქვეყანაა,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, „S&P“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას და მხარდაჭერასაც გულისხმობს. მათ შორის ხაზგასმულია ახალი საბანკო რეგულაციების შემოღებისა და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა, რომლებიც საგარეო შოკებისადმი მდგრადობასა და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

„ეს აღიარება იმ თვალსაზრისითაც არის ნიშანდობლივი, რომ პრაქტიკულად აბათილებს ოპოზიციის ნარატივს რეფორმების წარუმატებელ ხასიათზე. დღემდე გრძელდება საბანკო რეგულაციებისა თუ დაგროვებითი საპენსიო სისტემის კრიტიკა, სადაც აქცენტები ცალკეულ დეტალებზე უფრო კეთდება, ვიდრე არსებით მხარეზე, ხშირად თავისებური ინტერპრეტაციებით და რაც თვალშისაცემია, ამ საკითხების წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მიმდინარეობს. ამ თემების განხილვისას არც პოლიტიკური ინსინუაციების გამოყენებაა იშვიათობა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რასაც ასევე ემატება ექსპერტთა ნაწილის მხრიდან სუბიექტური შეფასებები, რომელთა თანახმადაც, ჩვენ მიერ ფონდში აკუმულირებული თანხები აპრიორში დანაკარგებისთვის არის განწირული. ეს ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ლამის მოსახლეობის მომავალი გაღატაკების უცილობელ პერსპექტივადაც კი წარმოაჩენს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა