გიგი უგულავა - სააკაშვილის მიერ გამოთქმული თეზისები, შესაძლოა, საზიანო იყოს უკრაინისა და საქართველოსთვის

„სააკაშვილის მიერ გამოთქმული თეზისები იძლევა ისეთი ინტერპრეტაციების საშუალებას, რომ შესაძლოა, საზიანო იყოს უკრაინისა და საქართველოსთვის,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს. ამით უგულავა გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც „ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო.“ უგულავას შეფასებით, იმის მტკიცება, რომ ევროპას მხოლოდ „გარკვეულ ჩარჩოებში“ სურთ საქართველოს და უკრაინის განვითარება, ფუნდამენტურად არასწორია.

გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყოფილ პრეზიდენტს მნიშვნელოვან საკითხებზე ფეისბუკ-დისკუსიების გამართვას სთავაზობს იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად ემთხვევა მათი პოზიციები და სად - არა.

„ინტერპრესნიუსი“ უგულავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ძალიან ბევრი საკამათო თეზისია გამოთქმული ბატონი მიხეილის მიერ, მეტიც - იძლევა ისეთი ინტერპრეტაციების შესაძლებობებს, რომ საზიანოც შეიძლება იყოს უკრაინისა და საქართველოსთვის. ევროკავშირისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ბიუროკრატიზმი, ხშირად არის ხოლმე შემაფერხებელი ფაქტორი სწრაფი განვითარებისთვის, როცა ქვეყანაში რეფორმისტული მთავრობაა, მაგრამ იმის მტკიცება, რომ მათ მხოლოდ „გარკვეულ ჩარჩოებში" სურთ ჩვენი განვითარება, ფუნდამენტურად არასწორია. მარტივი ლოგიკაა - ყველას აწყობს მეზობლად ჰყავდეს არააგრესიული და განვითარებული მეზობელი, რადგან ეს ორმხრივი სარგებლობის მომტანია.

„ევროპას ჩვენი მუშა ხელი უნდა მხოლოდ" - მცდარია. თუ რამეზეა დღეს ევროპაში კამათი, ეს მიგრანტების თემაა. ბრექსითის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზიც პოლონელი მუშა ხელის „სიმრავლე" იყო. 21-ე საუკუნეში ევროპის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე უკიდურესი მემარცხენეებიც კი აღარ საუბრობენ (ამერიკისგან განსხვავებით. აქაც ცხადია დაუმსახურებლად), რადგან ასეთი დიდი ხანია აღარ არსებობს. ის, რაც ჩვენ ცალსახად არ მოგვწონს, გვაღიზიანებს - ეს ევროკავშირის ბიუროკრატიზმია, ოღონდ ამას „კოლონიალიზმი" არ ჰქვია. რუსეთის კონტექსტში, ან რუსეთთან რაიმე ტიპის ბმაში ევროპასთან ამ ტერმინის ხმარება კი ფუნდამენტურად არასწორია, რადგან საუბრის კონტექსტის მიღმა, ის შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ტოლობის ნიშანია დასმული. მოკლედ, ილიას თეზისის "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს" აბსოლუტურად არაწორი ინტერპრეტაციაა. ბატონო მიხეილ, მოდით, რადგან ჩვენი გამონათქვამები ხშირად საკამათოა, თქვენ და ენმ-ს მინდა შემოგთავაზოთ, ამგვარ მნიშვნელოვან თემებზე გვქონდეს ღია ფეისბუქ-დისკუსია. ამით ვანახებთ ჩვენს საზოგადოებას, სად ემთხვევა ჩვენი პოზიციები, სად - განსხვავდება. მოვახერხოთ ეს, ქოცებისგან განსხვავებით, საქმიანად, ემოციის გარეშე და ურთიერთპატივისცემით. ამით ვანახოთ მაგალითი, რომ თუნდაც ფუნდამენტურად განსხავებული პოზიციების შემთხვევაში, შეგვიძლია დიალოგი, რაც მნიშვნელოვანია საერთო მიზნის - ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების - მისაღწევად. მარტივად, ასე უფრო დაგვიჯერებს ხალხი,“ - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა