საქართველოს საელჩომ აშშ-ის კონგრესში საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს საელჩოსა და „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ პირველი ქართული პარლამენტის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პარლამენტარიზმის წვლილზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველი ქართული პარლამენტი საქართველოს ეროვნულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

„1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ დიდ წილად სწორედ გამორჩეული პარლამენტის წყალობით ჩამოყალიბდა. ასამბლეის 130 წევრიდან 23 პარლამენტარი (18%) ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, საქართველოს პირველსავე პარლამენტს 5 ქალი პარლამენტარი ჰყავდა მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების დიდ ნაწილში ქალებს ჯერ კიდევ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი აქ ჰქონდათ მიღებული.

ღონისძიების ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 100 წლის ისტორია საგამომცემლო სახლმა „სახე(ლ)ებმა“ წარმოადგინა, რომელმაც New York Times-ის საერთაშორისო მედია პროექტი - Turning Points Global Agenda - Georgia წარადგინა. ამ პროექტის ფარგლებში, საგამომცემლო სახლმა ის ადამიანები დააჯილდოვა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველო-ამერიკის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.

დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები კონგრესმენები ჯერი კონოლი და ტედ პო, ჰერიტიჯის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ლიუკ კოფი, საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაციის მმართველი დირექტორი კენეთ ენჯელი, კონგრესის ბიბლიოთეკის საქართველოს მკვლევარი პოლ ქრეგო, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო-ს სახელით პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და ამერიკის ხმის ქართული რედაქცია, რომელსაც რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე წარმოადგენდა.

ღონისძიებას კანონმდებლები, რეგიონის მკვლევარები და საქართველოდან ჩასული სტუმრები დაესწრნენ,” - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო