ვატო შაქარიშვილი - „ქართული ოცნება“ გადაიქცა „ნაცმოძრაობის“ დაბალი რანგის მოძალადეებისა და ჯალათების ოცნებების ახდენის ასპარეზად

„ქართული ოცნება“ გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალი რანგის მოძალადეებისა და ჯალათების ოცნებების ახდენის ასპარეზად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა საკრებულოში ვატო შაქარიშვილმა მოძრაობის "დაიცავი საქართველო" შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოძრაობისგან ისეთი პოლიტიკური შემადგენელი დაიბადება, რომელიც 2020 წელს ადამიანებს ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.

„ქართული ოცნება“ დღეს აღარ არის „ქართული ოცნება“. ეს გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალი რანგის მოძალადეებისა და ჯალათების ოცნებების ახდენის ასპარეზად. საქართველოს იმ მოჯადოვებული წრისგან დაცვა უნდა, რაც ამ ორი ძალის დაპირისპირებისგან შეიქმნა. დღეს ჩვენთვის არის ასპარეზის გახსნის დღე და შემდგომში მთელი პროცესი მოემსახურება იმას, რომ პოლიტიკური შემადგენელი ისეთი დაიბადოს, რომელიც ადამიანებს 2020 წელს ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს და ქვეყანას კვლავ არ დააყენებს რევანშის საფრთხის წინაშე. ამას ვგრძნობთ ის ადამიანები, ვისაც ამომრჩევლის, მოსახლეობის, ჩვენი ქართული საზოგადოების პულსაციაზე გვიდევს ხელი. დავტოვე ის პოლიტიკური ორგანიზაცია და ძალა, რომლის ლიდერებიც ამას ვერ გრძნობდნენ,“ - აღნიშნა შაქარიშვილმა.

რაც შეეხება მოძრაობის დაფინანსებას, შაქარიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მოძრაობას ჯერ ოფისიც არ აქვს, იმაზე მეტყველებს, რომ „დაიცავი საქართველო“ არავის მიერ არ ფინანსდება.

„ის, რომ ჩვენ ჯერ ოფისიც არ გვაქვს, იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ არის ვინმეს მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაცია. დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯები მეგობრებისა და ჩვენი პირადი მონაწილეობით არის გაკეთებული. ჩვენს საზოგადოებას შევთავაზებთ პლატფორმას, იდეებს, რომელსავ ვფიქრობ, ეყოლება ბევრი თანამოაზრე. მათ შორის იქნებიან ბიზნესმენები და ადამიანები, ვინც პოლიტიკურ ორგანიზაციებს ეხმარებიან. ეს არ იქნება ერთი კაცის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, იმედი მაქვს, დაფინანსებისთვის იქნება სხვადასხვა წყარო“, - განაცხადა შაქარიშვილმა.