ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან სტადიონ „ოლიმპიისკზე“ დებატებზე არ მივიდა

უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი კიევში, „ოლიმპიისკის“ სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკი, ამჯერად,15 აპრილს ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე დებატებისთვის მიიწვია, სადაც თავად არის დაპატიჟებული. ამის შესახებ პეტრო პროშენკომ ჟურნალისტებს „ოლიმპიისკის“ ერთ-ერთ დარბაზში განუცხადა.

„თუკი ხვალაც ვერ შეძლებთ, ზეგაც დაგპატიჟებთ დებატებზე. შესაძლებლობა გექნებათ, თავი კი არ აარიდოთ, არამედ მოხვიდეთ და უთხრათ უკრაინის მოქალაქეებს თქვენი გეგმების შესახებ“, - მიმართა პოროშენკომ საპრეზიდენტო კანდიდატს.

ცნობილია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დებატების გამართვა „ოლიმპიისკის“ სტადიონზე 3 აპრილს თავად შესთავაზა.