გიგა ბოკერია ანრი ოხანაშვილს - არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, კომიტეტის თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას შორის კამათი მოხდა. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა ბოკერიას ერთ-ერთ რეპლიკას, დარბაზში მყოფი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ტაში მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დარბაზში მყოფებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ სად იმყოფებით. თუ ვინმეს იმის უნარი არ გაქვთ, რომ შეძახილების და ტაშების გარეშე ისხდეთ, მაშინ გაბრძანდით და გარეთ დაუკარით, ან იქ მიბრძანდით, სადაც შეგიძლიათ ტაშიც დაუკრათ და შეძახოთ კიდეც“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამის შემდეგ კი ოხანაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ აბსურდია, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სასამართლო სისტემის დამცველად ევლინება საზოგადოებას.

„ბატონი გიგა რომ არასამთავრობოების ინტერესებს იცავს, ეს კიდევ ახალი მოვლენაა და ბატონ გიგას, დღეს რომ გაეღვიძა და სასამართლო სისტემის მთავარი დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი. მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ ამ პროცესის გაწელვა. თქვენ არ გაგაჩნიათ შინაარსობრივი საკითხები და თუ გაქვთ, დავსხდეთ, გამოვალ აქ ტრიბუნასთან და ვისაუბროთ, იქ გამოჩნდება მერე რა არგუმენტები გაქვთ და როგორი წონადია თქვენი არგუმენტები. ნუ გაურბიხართ ამ დებატს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიამ უპასუხა.

„პარლამენტში ტაშის დაკვრა და ემოციის გამოხატვა არის გაუგონარი ამბავი? ცემა-ტყეპა არის აბა ჩვეულებრივი ამბავი?“ - აღნიშნა ბოკერიამ. მას ანრი ოხანაშვილმა სიტყვა შეაწყვეტინა და მოკროფონის გათიშვა მოსთხოვა.

„არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი“, - განაცხადა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილის მოთხოვნის პასუხად.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა