სულხან სალაძე მმართველ გუნდს - პლენარულ სხდომაზე საპროტესტო დროშებს ხომ არ გადმოვფენთ? - ნუ აქცევთ პროცესს ფორმალობად

კარგად მოიკითხეთ, სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები და მოსამართლეებს რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის კანონპოექტი უნდა განიხილონ.

როგორც სალაძემ აღნიშნა, მმართველმა პარტიამ მოახერხა, რომ ერთადერთი მხარდამჭერი ამ პროცესში არის ის კლანი, რომელიც სასამართლოშია.

„3 წელია უზენაეს სასამართლოში მცირდება მოსამართლეების რაოდენობა. ნუ გვესაუბრებით, რომ დღეს არის ეს კრიტიკული სიტუაცია შექმნილი. სასამართლო სისტემაში უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა. კარგად მოიკითხეთ, სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები და მოსამართლეებს რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში. ეს მოიკითხეთ კარგად! ამაზე მოსამართლეები საუბრობენ.

მმართველმა პარტიამ მოახერხეთ, რომ ერთადერთი მხარდამჭერი ამ პროცესში, რასაც თქვენ უზრუნველყოფთ ახლა აქ, არის ის კლანი, რომელიც სასამართლოშია. ნახეთ მათი ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა თქვენსაც. ვისთვის არის ეს სასამართლო ამ ქვეყანაში? სასამართლო არის ხალხისთვის, თუ ეს არის სასამართლო, რომელიც სჭირდება კონკრეტულ ჯგუფს“, - განაცხადა სალაძემ.

საია-ს თავმჯდომარე საკითხის განხილვის ორი კვირით გადადებას ითხოვს.

„აქ იმისთვის არ მოვდივართ, რომ ვინმე ხელფასს გვიხდის, მოვდივართ იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. პლენარულ სხდომაზე საპროტესტო დროშებს ხომ არ გადმოვფენთ? მოგვეცით საშუალება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ნუ აქცევთ პროცესს ფორმალობად. გავიგეთ, ვიცით, რომ თქვენ ჩვენი აზრი არ გაინტერესებთ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, რა წერია იმ დოკუმენტში და გვაინტერესებს თქვენთან დებატები ამ საკითხზე კომიტეტის ფორმატში. ყველაფერთან ერთად თქვენ უხერხულ მდგომარეობაში აგდებთ ვენეციის კომისიას. თქვენ პირველ მოსმენაზე თქვით, რომ დაელოდებოდით კომისიის დასკვნას, მაგრამ ნათქვამი არ იყო, რომ მხოლოდ პლენარულ სხდომაზე დაელოდებოდით ამ პროცესს. დღეს ამბობთ, რომ კომიტეტზე განვიხილავთ, მაგრამ პლენარულზე გავითვალისწინებთო“, - განაცხადა სალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს