თბილისი ქართულ-ესპანური ლიტერატურის კვირეულს უმასპინძლებს

16-18 აპრილს, თბილისში, ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება. ამ მიზნით თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები - ელენა მედელი, პატრიცია ესტებან ერლესი, არკაითს კანო, ნიკოლას მელინი, სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო ეწვევიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კვირეულის ფარგლებში ესპანელი მწერლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს შეხვდებიან, ასევე, მკითხველთან ერთად საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართველ კოლეგებთან პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გამართავენ. ღონისძიებებს მოდერაციას თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები: შოთა იათაშვილი, ლევან ბერძენიშვილი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი გაუწევენ. ღონისძიებებს 16 აპრილს მწერალთა სახლი, 17 აპრილს წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“ და 18 აპრილს „სტამბის წიგნები“ უმასპინძლებს.

სამინსიტროს ინფორმაციით, კვირეული 16 აპრილს გაიხსნება, პირველ შეხვედრას ქართველ მკითხველთან პოეტური კრებულებისა და ესსეების ავტორი ელენა მედელი გამართავს. ის ქართველ კოლეგასთან პოეტ პაატა შამუგიასთან ერთად ქართული და ესპანური პოეზიის თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს. შეხვედრას მოდერაციას ასევე თანამედროვე ქართველი პოეტი და კრიტიკოსი შოთა იათაშვილი გაუწევს. ახალგაზრდა ესპანელი პოეტი ელენა მედელი 1985 წელს დაიბადა, მისი სადებიუტო კრებული „My First Bikini“ 2015 წელს გამოიცა და უკვე თარგმნილი და გამოცემულია არა ერთ ენაზე. ის აქტიურად მუშაობს მე-20 საუკუნის ესპანელი ქალი პოეტების ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის კუთხით. არის პოეზიის საგამომცემლო სახლის დამფუძნებელი და დირექტორი. ელენა მედელი დაჯილდოებულია რამდენიმე ლიტერატურული პრიზით, მათ შორის მიღებული აქვს Loewe XXVI პრიზი და ჯირონას პრინცესას ფონდის 2016 წლის ჯილდო ხელოვნების კატეგორიაში.

17 აპრილს კი ესპანური და ქართული მოთხრობების თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ პატრიცია ესტებან ერლესი და არკაითს კანო ქართველ კოლეგასთან თეონა დოლენჯაშვილთან ერთად. დაგეგმილ შეხვედრას მოდერაციას ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი ფილოლოგიის მიმართულებით ლევან ცაგარელი გაუწევს. 1972 წელს დაბადებული პატრიცია ესტებან ერლესი ფილოლოგია, წერს გამოცემისთვის Heraldo de Aragón. არის სამი მოთხრობების კრებულის ავტორი. მისი პირველი წიგნი 2008 წელს გამოიცა, მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრიზი, მათ შორის სარაგოსას უნივერსიტეტის ჯილდო. პატრიცია ესტებან ერლესის მოთხრობები შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში. ბასკეთში 1975 წელს დაბადებულ არკაითს კანოს გამოცემული აქვს პოეზიის და მოთხრობების კრებულები, ასევე ნოველები. ბოლო რომანი 2018 წელს გამოიცა. მუშაობს სცენარისტად, მონაწილეობს ლიტერატურულ და არტ პეფორმანსებში და თარგმნის ბასკურ ენაზე. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია სხვადასხვა ენაზე მათ შორის, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

უწყების ცნობით, 18 აპრილს თანამედროვე ესპანელი მწერალი ნიკოლას მელინი ქართველ კოლეგასთან ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად რომანის ჟანრის თავისებურებებზე ისაუბრებს. დაგეგმილ ღონისძებას მოდერაციას თანამედროვე მწერალი და კრიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი გაუწევს. 1969 წელს დაბადებული ნიკოლას მელინი არის როგორც რომანების, ასევე მოთხრობების და პოეზიის კრებულების ავტორი. აქტიურად მოღვაწეობს კინო ინდუსტრიაში, არის არაერთი სცენარის ავტორი. ამჟამად ხელმძღვანელობს ესპანურ-ამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალს კანარის კულძულებზე.

ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრობლობით იმართება და მისი მიზანია ქართული ლიტერატურისა და ავტორების ცნობადობის გაზრდა და ესპანურ ლიტერატურულ სივრცეში პოპულარიზაცია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ესპანურენოვანი ლიტერატურული ღონისძიებები სექტემბერშიც გაგრძელდება, როცა თბილისს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა