საქართველოს დელეგაცია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტის ადელა დე ლა ტორეს ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

სან დიეგოში, კალიფორნიაში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველი პრეზიდენტი ქალის ადელა დე ლა ტორეს ინაუგურაცია აღნიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოდან“ აცნობეს, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭომ დოქტორი ადელა დე ლა ტორე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტად ახლახანს აირჩია.

როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 მუდმივი და პირველი ქალი პრეზიდენტი, იგი კამპუსს 2018 წლის ივნისის თვეში შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში დოქტორი დე ლა ტორე საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის სან დიეგოს უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, პრეზიდენტმა დე ლა ტორემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომელიც მიზნად ისახავს სან დიეგოს უნივერსიტეტთან უწყვეტ თანამშრომლობას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დასრულების შემდეგ.

„ვფიქრობ, ნებისმიერი უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, გაუზიაროს გამოცდილება და მხარი დაუჭიროს აკადემიურ დაწესებულებებს მსოფლიოს მასშტაბით, რათა მათ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, რადგან კარგად გვესმის, რომ სამუშაო ძალის განვითარებას პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან. ჩვენი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, 2023 წლისთვის გვეყოლება 700-მდე მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებული. მჯერა, ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, ისეთი ქვეყნის შენებაში, სადაც ადამიანებს ექნებათ თანასწორი ცხოვრების საშუალება და ყველა ბავშვს შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება.

ჩვენ ვიზიარებთ მდიდარ ქართულ კულტურ ღირებულებებს, და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, მოგვეცემა შესაძლებლობა, შევცვალოთ მსოფლიო“ ,- განაცხადა ადელა დე ლა ტორემ.

სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო გეგმები ღონისძიებაზე დეტალურად განიხილეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და საქართველოს დელეგაციას წევრებმა; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტმა, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის განათლების სექტორში უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს.

„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის. ამ მემორანდუმის მიზანი გახლავთ, რომ სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტმა და სამმა ქართულმა უნივერსიტეტმა განაგრძონ თანამშრომლობა საქართველოში ამერიკაში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ჭრილში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში, რისთვისაც ჯამში 34 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტი გაიღო აშშ-ის მთავრობამ.

ვიზიტის განმავლობაში არაერთი შეხვედრაც მოეწყო. ვიზიტში საქართველოდან მონაწილეობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ. აღსანიშნავია, კერძო სექტორის ჩართულობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში, რომლის ფარგლებშიც 4 მილიონ ამერიკულ დოლარამდე თანხა კერძო სექტორმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტების სტიპენდიებისთვის გაიღო,“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის შეფასებით, დღევანდელი თანამშრომლობა ახალი ეტაპია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისთვის. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტი და ამერიკელი ხალხი მომავალშიც გაუწევს დახმარებას საქართველოს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელსაც საქართველოს მთავრობა განათლების მიმართულებით გეგმავს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ ყოფნა. დავესწარით ღონისძიებას, რომელიც კიდევ ერთ ახალ სიტყვას იტყვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების განვითარებაში საქართველოში. მადლობა მინდა, გადავუხადო სან დიეგოს უნივერსიტეტს და ცხადია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და ამერიკელ ხალხს ამ შესაძლებლობისთვის. მოგეხსენებათ, დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება და სწორედ ეს გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის მთავარი მიზანიც. დარწმუნებული ვარ, ის მცდელობები და ინიციატივები, რომელიც განხორციელდება რეფორმის ფარგლებში, დაეფუძნება ამ გამოცდილებას“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლესი განათლების ასპარეზზე 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში უმაღლესი განათლების პროექტი დაიწყო. სან დიეგოს უნივერსიტეტი - საქართველო სტუდენტებს საინტერესო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს თბილისში, რაც მათ საშუალებას აძლევს საქართველოში მიიღონ აკრედიტირებული, საერთაშორისოდ აღიარებული აშშ-ის ბაკალავრის ხარისხი. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტებს სთავაზობს კურსებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში, რომელთა დასრულების შემდეგაც, ისინი საერთაშორისოდ აღიარებულ ბაკალავრის ხარისხს მოიპოვებენ. უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერას, სამშენებლო, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროების ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს